სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, კათოლიკოს გარეგინ II-სთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმის პროგრამა განიხილოს. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„თუ გარეგინ II, ან ქტრიჩ ნერსისიანი, მიიღებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმის პროგრამას, ამ ტრიბუნიდან ვაცხადებ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდები და მასთან ამ პროგრამას სრული პატივისცემით განვიხილავ. მე არასოდეს მითქვამს, რომ არსებობენ „ჩვენი ადამიანები“ და „იცხო ადამიანები“, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია კეთილსინდისიერების წესების დაცვა, ზოგი კი ამას არ აკეთებს. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმის პროგრამა მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: ქცევის წესები და ამ წესების დაცვის მკაფიო მექანიზმები. როგორ შეგვიძლია შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი წმინდათაწმინდა იბილწება? მოდით, დანარჩენი ყველაფერი გვერდზე გადავდოთ — გინდათ, მის უწმინდესობას უწოდებთ, გინდათ — გარეგინ II-ს, გინდათ — ქტრიჩ ნერსისიანს… ამ ყველაფრის გარდა, არსებობს ფაქტები, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის თითოეულმა მოქალაქემ და თითოეულმა მორწმუნემ იცის“, — განაცხადა ფაშინიანმა.
„ძლიერი სომხეთის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის მოქალაქეების 97 პროცენტი ეკლესიას ენდობა, ფაშინიანმა განაცხადა:
„ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 97 პროცენტს ეკლესიის სჯერა. რა თქმა უნდა, სჯერათ, პრობლემა სწორედ ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 97 პროცენტს სჯერა, ეკლესიის ხელმძღვანელს კი საერთოდ არ სწამს ღმერთის, მას სულიერი ცხოვრება არ აქვს, მან ღმერთის წინაშე დადებულ აღთქმაზე უარი თქვა და ეს განდგომილება ყველა ჩვენგანზე აისახება. მე მზად არ ვარ, ამ განდგომილებაზე პასუხისმგებლობა ვიტვირთო“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის 2026–2031 წლების პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმა.
აღნიშნულია, რომ სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიის რეფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებლობაა ღირებულებებზე დაფუძნებული სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბების ამოცანის გადასაჭრელად.
„სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიის რეფორმის პროგრამა მიზნად ისახავს ეკლესიის კანონიკურ წესრიგთან შესაბამისობაში მოყვანას და მისი პოლიტიზების თავიდან აცილებას.“