რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი სამხრეთკავკასიის რკინიგზის კონცესიასთან დაკავშირებით „სომხეთის ხელისუფლების შანტაჟში“ დაადანაშაულა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ TASS-ი რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს.
„იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე კონცესიის ვინმესთვის გადაცემის საკითხი არ დასმულა, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. მისგან სატრანსპორტო სფეროში „რუსული ფაქტორის“ აღმოფხვრას ითხოვენ, სანაცვლოდ კი მრავალმილიონიან ინვესტიციებსა და ისეთ პროექტებში ჩართვას ჰპირდებიან, რომელთა ეკონომიკური მიზანშეწონილობაც ძნელად დასანახია. ეს სრულად შეესაბამება სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნის მიზნით დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე ამბიბენ, რომ საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად პრაქტიკული მოლაპარაკებებია საჭირო.
„ზოგადად, საჯარო განცხადებების გაკეთებამდე პარტნიორები, როგორც წესი, მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან და არსებულ პრობლემებსა და შეშფოთებებს პრაქტიკულ ჭრილში განიხილავენ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ, როგორც ერევანი აცხადებს, არსებობს მშვიდობიანი გადაწყვეტის მოძიების სურვილი“, — აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს საკითხი 24 აგვისტოს ეროვნულ კრებაში მთავრობის ახალი პროგრამის პრეზენტაციისას წამოჭრა. მისი თქმით, სარკინიგზო ქსელის რუსეთის მიერ კონცესიის საფუძველზე მართვის პირობებში, სომხეთმა შესაძლოა საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრაციის ისტორიული შესაძლებლობა დაკარგოს.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო ინვესტორებს, ექსპედიტორებს, საქონლის გამყიდველებსა და მყიდველებს სურთ, თავი აარიდონ სომხეთის რკინიგზის ერასხი–ახურიკის მონაკვეთს, რადგან ეს მონაკვეთი რუსეთის მართვის ქვეშ იმყოფება.
ფაშინიანი ამ საკითხის გადაწყვეტისას რუსეთის ხელისუფლებისგან მოქნილობას ელოდება.
„რუსეთსა და დასავლეთს შორის რთული ურთიერთობები და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო ინვესტორებს, ტვირთგამგზავნებსა და სავაჭრო პროცესის მონაწილეებს აიძულებს, თავი აარიდონ, რისკად განიხილონ და არ გარისკონ იმ ინფრასტრუქტურასთან მუშაობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ექვემდებარება სანქციურ შეზღუდვებს ან წარმოადგენს ასეთი რისკის შემცველ ინფრასტრუქტურას“, — განაცხადა ფაშინიანმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა წინადადება, რომ სომხეთის სარკინიგზო ქსელის კონცესიური მართვა გადაეცეს მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის.