აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან მიმართებით საკუთარ სტრატეგიაში სამხედრო დარტყმების ნაცვლად ეკონომიკურ ზეწოლასა და საზღვაო ბლოკადაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საინფორმაციო პორტალ Axios-თან საუბარში განაცხადეს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუბიომ ირანთან მიმართებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე სტრატეგია მოკავშირე ქვეყნების კოლეგებს ბოლო სატელეფონო საუბრების დროს გააცნო.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, რუბიომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ამ ეტაპზე“ ირანის წინააღმდეგ ახალი საჰაერო დარტყმების განხორციელებას არ გეგმავს და ამის ნაცვლად აპირებს თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას საზღვაო ბლოკადისა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ახალი სანქციების მეშვეობით.
„რუბიომ თანამოსაუბრეებს მკაფიოდ განუცხადა, რომ აშშ ახალ სამხედრო ოპერაციებს არ გეგმავს. ამასთან, სამხედრო პასუხის შესაძლებლობა დღის წესრიგში დარჩება იმ შემთხვევაში, ითუ ირანი პირველი განახორციელებს თავდასხმას“, — განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
„ჰორმუზის სრუტის განაღმვა გარდამტეხი მომენტი გახდა“
კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის განაღმვას კონფლიქტის მიმდინარეობაში გარდამტეხი მომენტი უწოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ნაბიჯის შედეგად ირანის ხელთ არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზეწოლის ბერკეტი მნიშვნელოვნად განეიტრალდა.
ოფიციალური პირის აზრით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ნაცვლად ეკონომიკურ ზომებზე გააკეთოს აქცენტი, შესაძლოა აშშ-ში შუალედური არჩევნების დასრულებამდე გაგრძელდეს.
ამის შემდეგ კი, როგორც ოფიციალური პირი აცხადებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების ვარიანტი შესაძლოა კვლავ დღის წესრიგში დადგეს.