აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ამ ეტაპზე შეუძლებელია: ფაშინიანის ბრიფინგი რუსულ მედიასთან

  • აგვისტო 7, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების შექმნის საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და კანონიერი უფლებაა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ

ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ამ ეტაპზე შეუძლებელია: ფაშინიანის ბრიფინგი რუსულ მედიასთან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების შექმნის საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და კანონიერი უფლებაა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთში, რუსულ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად დარჩეს.

„მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენი მიზანია სომხეთისთვის ალტერნატივების შექმნა. ვფიქრობ, ეს თითოეული ქვეყნის კანონიერი უფლებაა. ყველა ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს, რათა არსებობდეს ალტერნატივები. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის საუკეთესო პოზიცია იქნებოდა არა ამ პროცესის შეფერხება, არამედ, პირიქით, მუშაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდაზე. ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა და უკვე ვთქვი, რომ სომხეთი მზად არის ამ მიმართულებით იმუშაოს“.

კითხვაზე, ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი არჩევანის გაკეთება, ფაშინიანმა უპასუხა:

„თავდაპირველად ეს არჩევანი უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ჩემი კოლეგების 29 მაისის განცხადება – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების — რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერების 29 მაისის ერთობლივი განცხადება, რომლებმაც სომხეთს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის საკითხზე. ამას პატივისცემით ვეკიდები. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ პარტნიორები მხარს უჭერენ სომხეთის ევროკავშირში წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეას. მეც მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას“.

კითხვაზე, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, ჩატარდება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ამ მიმართულებით აუცილებელი იქნება ინსტიტუციური სამუშაოს ჩატარება. დღეს რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, რადგანაც ამ რეფერენდუმის საგანი არ არის. წარმოვიდგინოთ, რომ ახლა რეფერენდუმს ვატარებთ და ვამბობთ, რომ არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის უნდა გაკეთდეს. როგორი იქნება ჩვენი მოქალაქეების რეაქცია? ისინი იკითხავენ, რა პერსპექტივები გვაქვს ევროკავშირის წევრობისთვის, როგორია ჩვენი საგზაო რუკა და ა.შ.? იქნება ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხები არც ჩვენ გვაქვს და არც სხვას“.

ფაშინიანი ასევე შეეხო რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები სომხეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ მხოლოდ უარყოფით აღქმას ქმნის.

„ვგულისხმობ იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ჩვენი პატივსაცემი რუსი პარტნიორები სომხურ პროდუქციასთან მიმართებით იყენებენ“, — ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

კითხვაზე, შეადარა თუ არა მან სომხური პროდუქციის რეალიზაციის პერსპექტივები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირში, ფაშინიანმა უპასუხა, რომ საკუთარი პროდუქციის წარმოების კონკურენტუნარიანობისა და სტანდარტების გაუმჯობესება თითოეული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა ჩვენი პარტნიორი მუშაობს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და ყველა სხვა მიმართულებითაც. რადგან თითოეული პროდუქტისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა უმნიშვნელოვანესია. მთავარი იდეა, რომელიც ჩემს გამოსვლაში წამოვაყენე (იგულისხმება 7 აგვისტოს ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე წარმოთქმული სიტყვა), მდგომარეობდა იმაში, რომ ეს პროცესი არ უნდა დავაკნინოთ და ეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის ძალიან კარგი შანსია, რათა ერთად ვიმუშაოთ მისი მიმზიდველობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ფუნდამენტური პრინციპების გარეშე, მათი განხორციელების შესაძლებლობის გარეშე, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი კრიზისში აღმოჩნდება, რადგან ის, რაც ახლა სომხურ პროდუქციასთან მიმართებით ხდება, რა თქმა უნდა, პრობლემაა სომხეთისთვის, მაგრამ ეს ასევე დიდი პრობლემაა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის, რადგან პრაქტიკაში გამოდის, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არ მუშაობს. თუ პრინციპები არ მუშაობს, მაშინ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიც არ მუშაობს.

ყველა სახელმწიფო და ყველა მთავრობა დივერსიფიკაციის პოლიტიკას ახორციელებს, ეს სუვერენული და კანონიერი უფლებაა“.

რაც შეეხება კითხვას, შეადარა თუ არა მან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ასეთი შედარება არ გაუკეთებია, რადგანაც ეს სომხეთის დღის წესრიგის საკითხი არ არის.

კითხვაზე, აიძულებს თუ არა ევროკავშირი სომხეთს რუსეთთან კავშირების გაწყვეტას, ფაშინიანმა უპასუხა:

„თუ ვინმეს აქვს ბერკეტები, რომ სომხეთს რაიმეს გაკეთება აიძულოს, ეს ბერკეტები ნამდვილად არ არის ბრიუსელში, არც დასავლეთში, არც სამხრეთში და არც აღმოსავლეთში“.