ამერიკელმა ბიზნესმენმა, ფონდის TRIPP+ ხელმძღვანელმა კონსტანტინ სოკოლოვმა სომხეთში თეღუთის სპილენძ-მოლიბდენის საბადოს შეძენისა და ექსპლუატაციის გეგმებზე ისაუბრა. როგორც Armenpress-ი იუწყება, სოკოლოვმა ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში საქმიანობის გაფართოების გეგმებს შეეხო.
სოკოლოვმა ხაზი გაუსვა, რომ თეღუთის საბადოს ხელახლა ამოქმედება ხელს შეუწყობს სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ ზრდასა და უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
ბიზნესმენთან ინტერვიუს გამოქვეყნებისას Bloomberg-მა აღნიშნა, რომ ამჟამად თეღუთის საბადოს პროდუქციის დიდი ნაწილი ჩინეთში ექსპორტზე გადის. სოკოლოვის განცხადებით, დეკემბერში ახალი სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით იგეგმება ამ საექსპორტო ნაკადების აშშ-ში გადამისამართება.
„ჩვენ გვსურს მივაღწიოთ იმ ეტაპს, როდესაც თეღუთის საბადო შეძლებს გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გაწევას და ადგილობრივი საზოგადოებისთვის მდგრადი ღირებულების შექმნას. ამ გარიგების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სომხეთსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაძლიერებაა“, — განაცხადა კონსტანტინ სოკოლოვმა.
სოკოლოვმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, გარდამტეხი მოვლენაა.
„მთელ რეგიონში ჩემი საქმიანობის გაფართოებით უკიდურესად დაინტერესებული ვარ, რადგან ყოველთვის ღრმად მჯეროდა აქ არსებული პოტენციალის. აშშ-მა ნდობა გამოუცხადა ჩემს გამოცდილებასა და განვლილ გზას და 201 მილიონი დოლარის კაპიტალის მქონე Trans-Caspian Enterprise Fund-ის ხელმძღვანელად დამნიშნა. ფონდი რეგიონში ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კერძო სექტორის განვითარების პროექტებზეა ორიენტირებული. ეს მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი“ და, უფრო ფართო გაგებით, ტრანსკასპიური სავაჭრო გზა, რომელიც ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიასა და მსოფლიო ბაზრებთან აკავშირებს“, — განაცხადა კონსტანტინ სოკოლოვმა.
შეგახსენებთ, რომ სს „თეღუთმა“ სექტემბერში განაცხადა, რომ საბადოს ახალი მფლობელი, აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია Dynamic Frontier Holdings LLC, აპირებს გააგრძელოს სპილენძის სიდიდით მეორე საბადოს ექსპლუატაცია და ამავდროულად განახორციელოს ინვესტიციები მის მოდერნიზაციაში, რათა უზრუნველყოს სომხეთის მოსახლეობისთვის გრძელვადიანი სარგებელი და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას.