აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი მიხეილ ევდოკიმოვი დაიბარა. დიპლომატს აზერბაიჯანისა და მისი ხელმძღვანელობის მისამართით რუსულ მედიაში ბოლო პერიოდში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს.
როგორც Report-ი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრა დღეს, 18 აგვისტოს, გაიმართა.
„რუსულ მხარეს გადაეცა სერიოზული შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის, მისი ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში რუსეთის მედიასა და საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 13 აგვისტოს პროექტ „გაგების სიხშირის“ ფარგლებში გასულ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებზე.
შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს 7 აგვისტოს რადიო Sputnik-ის ეთერში გაკეთებული აბსურდული განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანის შესახებ.
გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა მხარემ მიუთითა ქვეყნის ხელმძღვანელობის მისამართით შეურაცხმყოფელ მასალებსა და პროვოკაციულ განცხადებებზე, რომლებიც 9 აგვისტოს YouTube-ის პლატფორმაზე და 16 აგვისტოს ტელეარხ „სპასის“ ეთერში გამოქვეყნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის შესახებ მსჯელობის, ასევე ქვეყნის ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებების დაუშვებლობას.
რუსეთის ელჩს განუცხადეს, რომ აგრესიული რიტორიკის კიდევ უფრო მკაცრი ფორმით გაგრძელება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანმა არაერთხელ მოუწოდა მსგავსი საქმიანობის აღკვეთისკენ და აღნიშნული საკითხი სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე იყო განხილული.
„რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გავაცანით ბაქოს მოლოდინი, რომ დაუყოვნებლივ და ეფექტიანად მიიღონ ზომები რუსეთის საინფორმაციო და მედია სივრცეში აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციული რიტორიკის, მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდებების შესაჩერებლად“, — განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ტერორიზმისკენ მოწოდების ბრალდებით რუსეთის სამი მოქალაქე საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. ესენი არიან ტელეარხ „მოსკვა 24“-ის წამყვანი, ჟურნალისტი ივან კნიაზევი; სემიონ ურალოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში თავს პოლიტიკურ კონსულტანტად და მედია ექსპერტად წარმოადგენს; ასევე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი ალექსეი ჩადაევი, რომელიც ტელეჟურნალისტად და კორესპონდენტად მუშაობს.
უწყების განცხადების თანახმად, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და შუღლის გაღვივების, ასევე ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებების ფაქტებზე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრესის საბჭომ რუსულ მედიაში ქვეყნის წინააღმდეგ სისტემატური თავდასხმები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ფაქტობრივ მხარდაჭერად შეაფასა.