სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე დავით სანამიანის თანხლებით „ზვარტნოცის“ აეროპორტს ეწვია, რათა e-gate-ის ავტომატიზებული სისტემების დანერგვისთვის მზადყოფნის პროცესი შეემოწმებინა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს e-gate სისტემების ინსტალაციის, ამოქმედებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები.
ბიომეტრიული პასპორტების გამოყენებასთან ერთად, სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე e-gate-ის (ელექტრონული კარიბჭის) ავტომატიზებული სისტემების დანერგვა იგეგმება. e-gate წარმოადგენს საზღვრის გადაკვეთის ავტომატიზებულ, უკონტაქტო სისტემას, რომელიც მოგზაურებს საშუალებას მისცემს, პასპორტის სკანირების გზით სწრაფად გაიარონ საზღვარი მესაზღვრის ჩარევის გარეშე.
სისტემა ავტომატურად მოახდენს პიროვნების იდენტიფიცირებას, დააჩქარებს სასაზღვრო კონტროლის პროცესს და შეამცირებს ლოდინის დროს.
ასევე განიხილეს სისტემების დანერგვის ეტაპებთან, სამუშაოების ორგანიზებასთან და e-gate სისტემების ეფექტიანი და უწყვეტი მუშაობისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
იმავე დღეს, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ერევნის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ეწვია, სადაც სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის სამსახურის ოფისის მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის სამუშაოებს გაეცნო. ოფისის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
ხაზი გაესვა სამშენებლო სამუშაოების დროს ხარისხის სტანდარტების დაცვისა და სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულების აუცილებლობას. მინისტრმა დამატებითი მითითებები გასცა, რომლებიც ოფისის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
HayPass-ის მიერ აშენებული ოფისებისთვის შემუშავებული საპროექტო და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ეფუძნება. ეს ხელს შეუწყობს რიგებისა და ადამიანების გადატვირთულობის შემცირებას, ადმინისტრაციული სირთულეების აღმოფხვრას და მოქალაქეების დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას.