ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ სომხეთის რესპუბლიკას ახალი კომერციული მოდელი შესთავაზა, რომელიც მიზნად ისახავს ირანიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობის გაზრდას. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო Tasnim ავრცელებს ირანის ნავთობის მინისტრ მოჰსენ პაკნეჯადის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც მან სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდათიანთან შეხვედრისას გააკეთა.
ირანული წყაროს ინფორმაციით, პაკნეჯადმა აღნიშნა, რომ წინადადების განხორციელებისთვის აუცილებელია არსებული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი შეფასება და ასევე გაზით ვაჭრობის გაფართოების მიზანშეწონილობის განხილვა სომხეთის ბაზრის ფარგლებს გარეთ, სომხეთის რეგიონულ სატრანზიტო დერეფნად გამოყენების გზით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდათიანი სამუშაო ვიზიტით თეირანში იმყოფება.