აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანის პროცესს დაიწყებს — ფაშინიანი

  • აგვისტო 24, 2026
  • 0

სომხეთის მთავრობა მალე დაიწყებს ევროკავშირში (EU) გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „მქონდა შემთხვევა, მეთქვა, რომ რუსეთის მიერ სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანის პროცესს დაიწყებს — ფაშინიანი

სომხეთის მთავრობა მალე დაიწყებს ევროკავშირში (EU) გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესს, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„მქონდა შემთხვევა, მეთქვა, რომ რუსეთის მიერ სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) რეგულაციებს. არსებითად, ეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კრიზისია და ჩვენ უკვე დავიწყეთ ორგანიზაციის ფარგლებში ამ საკითხზე განხილვების ორგანიზება.

„აღსანიშნავია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი ქვეყნის ლიდერების მიმდინარე წლის 29 მაისის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მხარს ვუჭერთ  სომხეთის რესპუბლიკაში უმოკლეს ვადებში ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას, რომელიც შეეხება ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენას“.

„ჩვენ ამას მეგობრულ ჟესტად მივიჩნევთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რეფერენდუმი სომხეთში აუცილებლად ჩატარდება. საკითხავია მხოლოდ დრო, თუმცა დროის ფაქტორი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორგანიზაციული თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც“, — განაცხადა პრემიერმა ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის განხილვისას.

მისი თქმით, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2025 წლის მარტში მიიღო კანონი, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

„კანონის სათაურიდან და მოკლე შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ეხება, ხოლო ამ საკითხზე რეფერენდუმი ამ პროცესის დაწყების ნაწილი კი არა, არამედ მნიშვნელოვანი ეტაპია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეფერენდუმს აზრი მაშინ აქვს, როდესაც დაწყებული პროცესი გარკვეულ ეტაპს მიაღწევს და შესაძლებელი გახდება ამ პერსპექტივების რეალისტურობის შეფასება, იმის განსაზღვრა, თუ როგორ წავალთ წინ და რამდენად რეალისტურია დადგენილ ვადებში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

„ამ კითხვებზე პასუხების არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ გვქონდეს, სულ მცირე, მიახლოებითი პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც რეფერენდუმის დროს ხალხი დასვამს. ამ კითხვებზე პასუხების მოსამზადებლად კი სომხეთმა, პირველ რიგში, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს.

ესეც მნიშვნელოვანი სამუშაოს შემცველი პროცესია და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სწორედ ამ პროცესს დავიწყებთ, განსაკუთრებით ჩვენი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით“, — აღნიშნა სოხმეთის პრემიერ-მინისტრმა.