ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

საფრანგეთის რიგ რაიონებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდება

  • ოქტომბერი 19, 2026
  • 0

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ პოლიციის პრეფექტებს მითითება მისცა, ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესონ. „ვთხოვე პრეფექტებს, დღეს საღამოს რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დააწესონ. ნაწილობრივი კომენდანტის

საფრანგეთის რიგ რაიონებში ნაწილობრივი კომენდანტის საათი დაწესდება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ პოლიციის პრეფექტებს მითითება მისცა, ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესონ.

„ვთხოვე პრეფექტებს, დღეს საღამოს რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათი დააწესონ. ნაწილობრივი კომენდანტის საათი“, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა კრიზისული შტაბის სხდომის შემდეგ. პრეფექტები შეზღუდვას შერჩევითად, ცალკეულ რაიონებში აამოქმედებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით შეადგენს რუკას, რომელზეც მითითებული იქნება ის ადგილები, სადაც ეს რეჟიმი იმოქმედებს. მიზანია არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ სავაჭრო ობიექტების დაცვაც“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სებასტიან ლეკორნიუმ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, თუმცა ამ ეტაპზე „ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების ზომები უფრო მისაღებია“.

შეფასებების თანახმად, არეულობის შედეგად 2 000-ზე მეტი ობიექტი დაზარალდა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არეულობის ფაქტებზე ფართომასშტაბიანი გამოძიება იწყება.

17-18 ოქტომბერს პარიზსა და საფრანგეთის მასშტაბით საწვავზე ფასების ზრდისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. აქციებს თან ახლდა არეულობა, ძარცვა და ცეცხლის წაკიდების ფაქტები. პოლიციამ  2 400 ადამიანი დააკავა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების 1 000 თანამშრომელი დაშავდა.