ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

შავი ზღვის გავლით ენერგოკაბელის პროექტის საგზაო რუკის მომზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა

  • ოქტომბერი 24, 2026
  • 0

ამჟამად ინიციატივა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (Caspian-Black Sea-Europe Green Energy Corridor) შექმნის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების (FID) მისაღებად საგზაო რუკის შემუშავების ეტაპზეა. როგორც Report-ი Green

შავი ზღვის გავლით ენერგოკაბელის პროექტის საგზაო რუკის მომზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა

ამჟამად ინიციატივა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (Caspian-Black Sea-Europe Green Energy Corridor) შექმნის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების (FID) მისაღებად საგზაო რუკის შემუშავების ეტაპზეა.

როგორც Report-ი Green Energy Corridor Power Company-ზე (GECO) დაყრდნობით იუწყება, პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანსა და საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან — ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან — გამომუშავებული ელექტროენერგიის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაცემას.

სრული ამოქმედების შემდეგ დერეფნის ჯამური სიმძლავრე 3,9 გიგავატს მიაღწევს. ინფრასტრუქტურა მოიცავს მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადაცემის სამ დამოუკიდებელ სისტემას (HVDC), რომლებიც ძაბვის წყაროს გარდამქმნელებზე (VSC) იქნება დაფუძნებული. თითოეული სისტემის პარამეტრები იქნება ±525 კვ, ხოლო სიმძლავრე — 1 300 მეგავატი.

პირველი ეტაპის ამოქმედება 2032 წლისთვის არის დაგეგმილი. მარშრუტი გაივლის ბაქო–ქსანი–ანაკლია–კონსტანცა-სამხრეთის (რუმინეთი) მიმართულებით, ხოლო ხმელეთზე გაგრძელდება უნგრეთში, ბუდაპეშტის მახლობლად მდებარე ალბერტირშას ქვესადგურამდე. გადაცემის სიმძლავრე 2 000 მეგავატი იქნება, მარშრუტის სიგრძე კი დაახლოებით 3 040 კილომეტრს შეადგენს.

მეორე ეტაპის ამოქმედება 2036 წლისთვის არის დაგეგმილი. მარშრუტი გაივლის ბაქო–წყალტუბო–ფოთი–დომნეშტის (რუმინეთი) მიმართულებით და მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 2 340 კილომეტრი იქნება. მესამე ეტაპის ამოქმედება 2040 წლისთვის არის გათვალისწინებული. მარშრუტი გაივლის ბაქო–წყალტუბო–ფოთი–კონსტანცა-სამხრეთის მიმართულებით და მისი სიგრძე დაახლოებით 2 020 კილომეტრი იქნება.

თითოეული გადამცემი ხაზის წყალქვეშა მონაკვეთი შავი ზღვის ფსკერზე, საქართველოს სანაპიროდან რუმინეთამდე გაივლის. წყალქვეშა საკაბელო მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 1 120 კილომეტრი იქნება, ხოლო აბისალური ვაკის რაიონში კაბელის გაყვანის მაქსიმალური სიღრმე 2 200 მეტრს მიაღწევს. საქართველოში, ქსანსა და წყალტუბოში განთავსებული სახმელეთო გარდამქმნელი სადგურები უზრუნველყოფს დერეფნის ორმხრივ დაკავშირებას ქვეყნის ენერგოსისტემასთან, რაც შესაძლებელს გახდის ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტსა და დეფიციტის შემთხვევაში ელექტროენერგიის იმპორტს.

დერეფნის ინფრასტრუქტურა შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSO-E) ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში — TYNDP 2026 — პროექტების იდენტიფიკატორებით 1248 და 1244.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისას კომპანია CESI-მ ასევე დეტალურად შეისწავლა აზერბაიჯანიდან უნგრეთში „მწვანე წყალბადის“ ტრანსპორტირებისთვის პარალელური მაგისტრალური მილსადენის გაყვანის შესაძლებლობა. მილსადენის სავარაუდო სიგრძე დაახლოებით 3 000 კილომეტრი იქნებოდა, მათ შორის წყალქვეშა მონაკვეთის — 1 115 კილომეტრი, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 6,6-დან 13 მილიარდ ევრომდე შეფასდა.

თუმცა ჩატარებული ანალიზის შედეგად ინიციატივის მონაწილეებმა გადაწყვიტეს წყალბადის კომპონენტის განხორციელება დროებით შეეჩერებინათ და პრიორიტეტი ელექტროენერგიის გადაცემისთვის მიენიჭებინათ. მთავარ მიზეზებად დასახელდა ევროპელი მომხმარებლების მიერ 2040 წლამდე წყალბადის იმპორტის პროგნოზების მნიშვნელოვნად შემცირება, აგრეთვე HVDC გადამცემი ხაზების უფრო მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობა.

წყალბადის მილსადენის პროექტი სამომავლო პერსპექტიულ ვარიანტად რჩება და ევროკავშირში წყალბადის ბაზრის განვითარების კვალდაკვალ მისი საკითხი ხელახლა განიხილება.

აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის „მწვანე ენერგიის“ განვითარებისა და ტრანსპორტირების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, ევროკომისიის ხელშეწყობით, 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში გაფორმდა.