აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამშაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს ჯერ არ დაუსრულებიათ მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო საზღვაო გზებზე გემების გადაადგილების შესახებ, თუმცა იმედი აქვს, რომ შეთანხმება „ძალიან მალე“ იქნება მიღწეული.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარეები ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება“, — განაცხადა მან.
რუბიომ აღნიშნა, რომ ზოგიერთმა კომერციულმა გემმა, მიუხედავად მათი გადაადგილების დაბლოკვის მცდელობებისა, სრუტეებში გავლა მაინც შეძლო. ამასთან, მისი თქმით, „ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართული, ომანსა და ირანს შორის, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მეტმა გემმა შეძლოს იქ უსაფრთხოდ გავლა“.
„ნავთობი ამჟამად სრუტეების გავლით გადაადგილდება. შესაბამისად, სრუტეები ღიაა“, — განაცხადა მან.
როგორც ჩანს, რუბიო ორმუზის სრუტესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეს გულისხმობდა, რომელიც იემენსა და აფრიკის რქას შორის მდებარეობს. მანამდე იემენურმა ჰუსიტურმა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის პორტებთან დაკავშირებულ გემებს საფრთხე შეუქმნა.
ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც იემენსა და აფრიკის რქას შორის მდებარეობს, ადენის ყურეს წითელ ზღვასთან აკავშირებს და მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, სუეცის არხის გავლით.
სამშაბათს, ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანთან ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და სტრატეგიული საზღვაო გზის გახსნის შესახებ შეთანხმება შესაძლოა სამშაბათს ან ოთხშაბათს იქნეს მიღწეული.
რუბიოს თქმით, სრუტეებთან დაკავშირებით შესაძლო შეთანხმებას მეტი ყურადღება ეთმობა, თუმცა აშშ ირანთან „საბოლოო შეთანხმების“ მიღწევას ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის არქონის საკითხზე.