აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

პოლონეთში უკრაინელ წყვილს „აქცენტის გამო“ სცემეს

  • ივლისი 27, 2026
  • 0

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში უკრაინელ წყვილს — 20 წლის გოგოსა და 21 წლის ბიჭს — სცემეს. დაზარალებული გოგოს დედის განცხადებით, თავდასხმის მიზეზი მისი ქალიშვილის აქცენტი გახდა. პოლონეთის ქალაქ ვროცლავის

პოლონეთში უკრაინელ წყვილს „აქცენტის გამო“ სცემეს

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში უკრაინელ წყვილს — 20 წლის გოგოსა და 21 წლის ბიჭს — სცემეს. დაზარალებული გოგოს დედის განცხადებით, თავდასხმის მიზეზი მისი ქალიშვილის აქცენტი გახდა.

პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მერმა იაცეკ სუტრიკმა 27 ივლისს „შეშფოთება და აღშფოთება“ გამოხატა ქალაქში მომხდარი „სასტიკი თავდასხმების“ გამო. განცხადება გაკეთდა იმ დღეს, როდესაც ცნობილი გახდა უკრაინელი ახალგაზრდა წყვილის ცემის შესახებ. სუტრიკის განცხადება გამოქვეყნდა მის Facebook-ის გვერდზე.

„ვაქვეყნებ ჩემს მიმართვას თქვენდამი, ქალაქის მცხოვრებლებო, ბოლო შოკისმომგვრელ მოვლენებთან დაკავშირებით. ღრმა შეშფოთებითა და აღშფოთებით შევიტყვე ვროცლავში მომხდარი სასტიკი თავდასხმების შესახებ, რომელიც, არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული სიძულვილის ნიადაგზე განხორციელდა“, — დაწერა მერმა.

მისი თქმით, ეს დანაშაული „აღარ არის უბრალოდ ცალკეული შემთხვევა, არამედ საგანგაშო სიგნალია, რომელსაც ვროცლავის მცხოვრებლებმა მტკიცედ და გადამწყვეტად უნდა უპასუხონ“.

სუტრიკმა იმედი გამოთქვა, რომ „დამნაშავეები ოპერატიულად იქნებიან დაკავებულები და საკუთარი ქმედებებისთვის დაისჯებიან“. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს „სოლიდარობისა და პასუხისმგებლობისკენ“.

„ასევე მივმართავ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც — შეგნებულად თუ უპასუხისმგებლოდ — აყალიბებენ ნარატივებს, დაფუძნებულს შიშზე, ცრურწმენებსა და დაპირისპირებაზე. სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. საჯარო რიტორიკამ, რომელიც ადამიანებს „უცხოებად“ ან „მეორე კლასის ადამიანებად“ წარმოაჩენს, შეიძლება რეალურ ძალადობამდე მიგვიყვანოს“, — აღნიშნა მან.

ამასთან, სუტრიკის პოსტში პირდაპირ არ არის ნახსენები კონკრეტული თავდასხმა, რომელმაც განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა. თუმცა მერის მიმართვა გამოქვეყნდა იმ დღეს, როდესაც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინელი 20 წლის გოგოსა და მისი 21 წლის მეგობრის ცემის შესახებ.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა მეზობელი სახლის აივნიდან დანაშაული ვიდეოზე გადაიღო. თავდამსხმელები სამნი იყვნენ. Radio Wroclaw-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ადგილობრივ საბრძოლო ხელოვნების კლუბთან იყოს დაკავშირებული. ცემის შემდეგ ისინი მიიმალნენ, ხოლო დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგომ მიიღო ყურის დაზიანება და კისერზე დიდი ჭრილობა დარჩა. ბიჭს ძლიერი სისხლჩაქცევები აღენიშნება. სავარაუდოდ, თავდასხმის დროს გამოყენებული იყო კასტეტი და პატარა დანა. ადგილობრივი პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს.

კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელები მაღაზიაში ურიგოდ შესვლას ცდილობდნენ, რის გამოც გოგომ მათ შენიშვნა მისცა. დაზარალებულის დედის თქმით, აგრესია დამნაშავეებში მისი ქალიშვილის უკრაინულმა აქცენტმა გამოიწვია.

წყვილის ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ვროცლავში უკრაინის საკონსულომ პოლონეთის სამართალდამცავ ორგანოებს „ოპერატიული რეაგირებისკენ“ მოუწოდა.

„იძულებული ვართ აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში პოლონეთში გახშირდა ძალადობისა და აგრესიის შემთხვევები, რომელთა მსხვერპლიც უკრაინის მოქალაქეები ხდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ უკვე დაავალა გენერალურ საკონსულოს, სასწრაფოდ მიიღოს აუცილებელი ზომები“, — ნათქვამია საკონსულოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვროცლავის მერის, სუტრიკის განცხადების შემდეგ კი უკრაინის საკონსულომ მას „გულწრფელი მადლობა გადაუხადა“ „უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ბოლო ძალადობის აქტებზე ოპერატიული, მკაფიო და პრინციპული რეაგირებისთვის“.

„ვროცლავში უკრაინის გენერალური საკონსულო აგრძელებს თანამშრომლობას პოლონეთის კომპეტენტურ ორგანოებთან და მაღალ შეფასებას აძლევს ქალაქის ხელისუფლების მხარდაჭერას უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში“, — აღნიშნულია განცხადებაში.