სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დელეგაცია მიიღო, რომელსაც სს „რუსეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბელოზიოროვი ხელმძღვანელობდა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იტყობინება.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესაძლებლობების გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიზანია სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მისი ინტეგრაცია მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო ქსელებსა და მსოფლიო სარკინიგზო სისტემაში.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული პროცესების კონტექსტში შექმნილი შესაძლებლობები, სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში მისი ინტეგრაციისკენ მიმართული ნაბიჯები.
მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები გიუმრი–ახურიკი–თურქეთის საზღვრისა და ერასხი–ნახიჩევანის სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენის პროექტებსა და ამ პროექტების შედეგად წარმოქმნილ შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე შეეხნენ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკონცესიო მართვის ფარგლებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს, მართვის ეფექტიანობას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებს.
შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც მოკლე ვადებში განიხილავს ჩამოყალიბებულ პრობლემებს, მოძებნის შესაძლო გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს.