თურქეთს ტყის ხანძრები მოედო. ფეთჰიეშიანომალიური სიცხისა და გვალვის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა მეხანძრეების მუშაობა. დაზარალებულ რაიონებში მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა ცეცხლის გავრცელება შეაჩერონ და დასახლებები და საკურორტო ზონები დაიცვან.
ცეცხლი ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში მძვინვარებს: ანტალიაში, მუღლასა და აფიონკარაჰისარში. ანტალიის ქეფეზის რაიონის ჩამლიჯას უბანში ხანძართან ბრძოლა როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან მიმდინარეობს: ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები, სახანძრო თვითმფრინავები, სპეციალური ტექნიკა და ოპერატიული ჯგუფები. იმის გამო, რომ არსებობს საფრთხე, ცეცხლი საცხოვრებელ კვარტლებს მოედოს, ხელისუფლება საშიშ ზონაში მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.
მანამდე სტიქიამ ზიანი მიაყენა ეგეოსის ზღვის სანაპიროს საკურორტო ტერიტორიებსაც. დასახლებულ პუნქტ ბოზბიუქში ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში უახლოვდებოდა ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ფიჭვის ტყეების ადგილას ახლა დამწვარი მიწაა დარჩენილი, ხოლო ტერიტორიას ზემოდან მრავალკილომეტრიანი სქელი შავი კვამლის ღრუბელი გადაეფარა.
ბოდრუმისა და დიდიმის რაიონებში ცეცხლმა 850 ჰექტარი ტყე გაანადგურა. საფრთხის ზონიდან 1120 ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო. ტურისტებს მოუწოდებენს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მკაცრად დაიცვან მაშველების მითითებები.
არანაკლებ რთული ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც. ესპანეთში ათიათასობით ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძრები კვლავ მძვინვარებს საფრანგეთშიც.