ევროკავშირის ქვეყნებმა 23 ივლისს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების სხდომაზე, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს, რომლის განმავლობაშიც ცალკეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებას ცდილობდნენ. ახლა პაკეტი საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ანონიმურმა დიპლომატმა განაცხადა, მუდმივმა წარმომადგენლებმა პაკეტთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. მისი თქმით, ახლა ტექნიკური სამუშაოები დასრულდება, რის შემდეგაც დღის მეორე ნახევარში ევროკავშირის საბჭო წერილობითი პროცედურის ფარგლებში სანქციების საბოლოო დამტკიცებას დაიწყებს.
დიპლომატის განცხადებით, მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებმა არსებული უთანხმოებების გადალახვა და ერთიანობის შენარჩუნება შეძლეს, როგორც ეს წინა 20 სანქციური პაკეტის შეთანხმების დროსაც მოხდა. მისი თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ერთიანი იყო იმაში, რომ მიეღოთ მკაცრი ზომები, რომლებიც კიდევ უფრო შეზღუდავდა რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. მისივე შეფასებით, მიღწეული შეთანხმება ინარჩუნებს ზეწოლას რუსეთზე, ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის სამხედრო ეკონომიკის შესაზღუდად.
პაკეტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის მოქმედების 12 თვით გახანგრძლივება. ევროკავშირის დიპლომატის შეფასებით, ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობის ფონზე ეს ზომა რუსეთს ნავთობის გაყიდვიდან მნიშვნელოვან შემოსავალს დააკარგვინებს.
ბოლო გადაუჭრელი საკითხი მესამე ქვეყნებში რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირებას ეხებოდა. მიღწეული კომპრომისი ითვალისწინებს შეზღუდულ გამონაკლისს იმ გადაზიდვებისა და მათთან დაკავშირებული შესყიდვებისთვის, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლამდე გაფორმებულ კონტრაქტებს ეფუძნება. ამასთან, ევროპულ ოპერატორებს ეკრძალებათ მსგავსი ოპერაციების მოცულობის გაზრდა, ხოლო ევროკავშირის საბჭო აღნიშნულ გამონაკლისს ყოველწლიურად გადახედავს.
დიპლომატის თქმით, სანქციების 21-ე პაკეტი მოიცავს სანქცირებულ პირთა ყველაზე დიდ რაოდენობას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღებულ პაკეტს შორის.
ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ფინანსური სექტორის მიმართ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს, ახალ ზომებს კრიპტოვალუტების სფეროში, დამატებით სანქციებს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისა და მათ საქმიანობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ, ასევე ახალ სავაჭრო შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობების კიდევ უფრო შემცირებას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, პაკეტი ითვალისწინებს იმ ზომების მომზადებას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე ყოფილ რუს სამხედროებს ევროკავშირის ვიზების მიღებას შეუზღუდავს.
„ეს კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.სანქციების 21-ე პაკეტი მიზანში იღებს იმ სექტორებს, სადაც მისი გავლენა ყველაზე ძლიერი იქნება — ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას, კრიპტოვალუტების სექტორსა და ვაჭრობას“, — დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში.
მისივე თქმით, „უკრაინის, ასევე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა ურყევი რჩება“.
ევროკომისიამ სანქციების 21-ე პაკეტის პროექტი 9 ივნისს წარადგინა. ის ითვალისწინებდა ახალ შეზღუდვებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“, ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტექნოლოგიების ექსპორტის, სანქციების გვერდის ავლაში მონაწილე მესამე ქვეყნების კომპანიების წინააღმდეგ, ასევე პირველად — შეზღუდვებს რუსეთის მეთევზეობის სექტორზე და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას ყველა იმ პირისთვის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
თუმცა პაკეტის შეთანხმება ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო გაჭიანურდა. 13 ივლისს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მაშინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტების მიღება სულ უფრო რთულდება, რადგან ისინი სულ უფრო მეტად ეხება თავად წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ ინტერესებს.