აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ თურქეთში მცხოვრები შვიდი პირი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. საქმე ეხება აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებს. ბაქოს სასამართლომ მათ დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც Report-ი გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 283-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტითა და 167-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აღიძრა. წინასწარი გამოძიება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს დაევალა.
გამოძიების მონაცემებით, საქმის ფიგურანტები სოციალური ქსელებისა და ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით ავრცელებდნენ მასალებს, რომლებიც აზერბაიჯანში კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ, აგრეთვე ძალადობისკენ, რელიგიური სიძულვილისა და რელიგიური რადიკალიზმის საფუძველზე მტრობის გაღვივებისკენ მოუწოდებდა.
გამოძიებამ შვიდი ეჭვმიტანილი დაადგინა: ჟურნალ Haksöz-ისა და ინტერნეტგამოცემა Haksöz Haber-ის ავტორი რიდვან კაია; გამოცემა Köklü Değişim-ის ავტორი და Değişim TV-ის წამყვანი ზექერია ჯერანი, ცნობილი როგორც აბდულა იმამოღლუ; ინტერნეტგამოცემა Analiz Merkezi-ის დამფუძნებელი და გადაცემის Fatih Tezcan’la Analiz Merkezi ავტორი ფათიჰ თეზჯანი; იურიდიული ბიუროს Ahmet Şanlı Hukuk Bürosu ხელმძღვანელი აჰმედ შანლი; ასევე ფაჰრეთინ თაშქაია სარალი, აბდურაჰმან თუმერი და ალფარსლან თანრიქულუ.
პუბლიკაციები 25 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში სოციალურ ქსელებში — X-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-სა და TikTok-ზე, აგრეთვე სხვა ინტერნეტრესურსებზე განთავსდა. მათ თან ახლდა მრავალი ფოტო, ვიდეო და სხვა რელიგიურ-რადიკალური შინაარსის მასალა.
გარდა ამისა, 3 ოქტომბერს რიდვან კაია სტამბოლში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს წინ გამართულ აქციაზე გამოვიდა. 13 ოქტომბერს კი ის ზექერია ჯერანთან ერთად ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოს წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა, სადაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებები და რელიგიურ-რადიკალური ხასიათის განცხადებები გაკეთდა.
ბაქოს ბინაგადის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, შვიდივე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა შეფარდებული პატიმრობა და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიყენება საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები, მათ შორის თანამშრომლობა თურქეთის კომპეტენტურ ორგანოებთან.