აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის სომხურ დასახლება შაქიში შეღწევა არანაირად არ შეიძლება გახდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Radio France Internationale-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ორივე მხარის ჯარისკაცები უბრალოდ ნისლში იკარგებოდნენ ან სხვა მიზეზებით სომხეთის ან აზერბაიჯანის საზღვარს კვეთდნენ. ეს შემთხვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
საქმე ის არის, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანმა სომხეთს აცნობა, რომ მათი მხრიდან სამხედრო მოსამსახურემ სამსახურის ადგილი ნებაყოფლობით დატოვა და მას ეძებდნენ, თუმცა ვერ პოულობდნენ. აქედან გამომდინარე, არსებობდა ალბათობა, რომ მას სომხეთის ტერიტორიაზე გადაენაცვლა. გამოძიებისთვის ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურემ სომხეთის საზღვარი გადაკვეთა, რომელიღაც სახლში შევიდა, იქ ღამე გაათია, რის შემდეგაც ეს ინციდენტი მოხდა. ეს ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევაა“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არც დაღუპულა ვინმე და არც დაშავებულა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა პირველ ორმხრივ, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს, რომლის რატიფიცირება ორივე ქვეყანამ მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ ორი ქვეყნის საზღვრების დელიმიტაციის ძირითად პრინციპად ალმა-ათის დეკლარაცია იქცევა.
1 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 29 სექტემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვების შესახებ. ამასთან, არ გამოირიცხებოდა მისი მხრიდან სომხეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესაძლებლობა. ამის შემდეგ ორივე ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანოებმა სამძებრო ოპერაციები ჩაატარეს.
სომხეთის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე ნასიმი მუსაევი სისიანის თემში შემავალ დასახლება შაქიში ერთ-ერთ სახლში უკანონოდ შეიჭრა და შემდეგ თან არსებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
დაშავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა., დაბადებული 1987 წელს. მუსაევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით შაქიში, სხვა მისამართზე აღმოაჩინეს. იგი 15:30 საათზე დააკავეს და საგამოძიებო ორგანოს გადასცეს.
დაშავებულმა ქალს სამედიცინო დახმარება სისიანის სამედიცინო ცენტრში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ერევანში გადაიყვანეს. მისმა შვილებმაც, რომლებიც 2011 და 2014 წლებში დაიბადნენ, დაზიანებებით იმავე სამედიცინო ცენტრს მიმართეს. უფროს ბავშვს მარჯვენა მაჯის მოტეხილობა ჰქონდა, უმცროსს კი — რბილი ქსოვილების დაზიანება.
2 ოქტომბერს სომხეთის პროკურატურამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ნასიმი რაჰიმ ოღლუ მუსაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნასიმი რაჰიმ ოღლუ მუსაევს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.