კრემლის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებისას განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ნოემბერში უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი განაახლოს.
„ჩვენმა პრეზიდენტმა სტივ უიტკოფს აცნობა, რომ, პრინციპში, მზად ვართ, ზემოხსენებული სამმხრივი მოლაპარაკებები დაახლოებით 10 ნოემბრისთვის განვაახლოთ“, — განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სადაც პუტინმა ოთხშაბათს აშშ-ის წარმომადგენელს უმასპინძლა. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
უშაკოვის თქმით, მოსკოვის მზადყოფნა სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის განსაკუთრებით ეხებოდა ომის შემდგომი „უსაფრთხოების სისტემის“ ჩამოყალიბების საკითხს მოსკოვისა და კიევისთვის. მან განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
უშაკოვის განცხადებით, პუტინმა დადებითად შეაფასა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის შუამავლობის ძალისხმევა მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მან ასევე დაუდასტურა უიტკოფს, რომ რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს ირანის გარშემო არსებული ვითარების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების ძიებას.
„ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. თეირანთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და აუცილებელია“, — განაგრძო უშაკოვმა.
მისივე თქმით, უიტკოფმა, თავის მხრივ, პუტინს მიაწოდა ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ, რომლებშიც სამშაბათს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მონაწილეობდა და რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. უშაკოვის განცხადებით, მოსკოვის გადაწყვეტილებას აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ დონალდ ტრამპი და ამერიკული საზოგადოება დადებითად შეაფასებენ.
მან აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ ჰაბარდი სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში უიტკოფს გადასცეს, რათა მას აშშ-ში დაბრუნება შეძლებოდა.