საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ორი ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველომ განაცხადა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში უწყებამ თავისი წარმომადგენლის სიტყვები მოიყვანა.
განცხადების თანახმად, ჰუსიტების მიერ გაშვებული და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ განაგდურებული ორი ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები ერ-რიადის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი — ორი ქალი, ერთი მამაკაცი და ერთი ბავშვი — დაშავდა. 15 საცხოვრებელ სახლს უმნიშვნელო მატერიალური ზიანი მიადგა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ამოქმედდა დამტკიცებული სტანდარტული პროცედურები და განხორციელდა რეაგირების აუცილებელი ღონისძიებები.
ერთი დღით ადრე არაბული კოალიციის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა თურქი ალ-მალიქიმ, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ერ-რიადის თავზე საჰაერო სივრცეში ერთი უპილოტო საფრენი აპარატი იყო განადგურებული.
იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიციის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, ჰუსიტები რეგულარულად უტევენ საუდის არაბეთის სასაზღვრო რაიონებსა და სამხრეთ პროვინციებს.
რეგიონში სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე პერიოდულად ხორციელდება იემენის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებთ შეტევები.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები 2014 წლიდან აკონტროლებენ იემენის რიგ რაიონებს, მათ შორის დედაქალაქ სანას.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია 2015 წლიდან მხარს უჭერს იემენის მთავრობას.