ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთი სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს – ფაშინიანი

  • სექტემბერი 23, 2026
  • 0

სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან აგრძელებს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნიუ-იორკში, Concordia Annual Summit-ის

სომხეთი სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებს – ფაშინიანი

სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან აგრძელებს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნიუ-იორკში, Concordia Annual Summit-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საბჭოთა პერიოდში აშენებული ატომური ელექტროსადგური და მისი ექსპლუატაციის ვადა დასასრულს უახლოვდება. ამჟამად ჩვენ მომდევნო ატომური ელექტროსადგურის საკითხზე გადაწყვეტილებას ვიღებთ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა პარტნიორთან — აშშ-სთან, რუსეთთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან — და ვეძებთ საუკეთესო შეთავაზებას, რათა ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყოთ“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში სომხეთს ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევის კარგი შესაძლებლობა აქვს.

„ვინაიდან ჩვენ გვაქვს მზის ენერგიის რამდენიმე რესურსი და მზის ენერგიის გამომუშავების სწრაფად განვითარებადი სიმძლავრეები, ამჟამად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საცავების შექმნა. ახლა ჩვენ გვჭირდება ფართომასშტაბიანი ენერგიის შემნახველი სისტემები და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთმა უკვე განაცხადა, რომ მუშაობს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის 2036 წლამდე გახანგრძლივებაზე, ხოლო მანამდე ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახალი ატომური ელექტროსადგური მოდულური ტიპის იქნება.