აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

მოქალაქეობა არ შეიძლება იყოს „ინვესტიციის სანაცვლოდ დაჩქარებული მომსახურება“ — სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი „ოქროს პასპორტების“ შესახებ

  • აგვისტო 6, 2026
  • 0

მოქალაქეობა არ შეიძლება იყოს „ინვესტიციის სანაცვლოდ დაჩქარებული მომსახურება“ და ის სახელმწიფოსთან ნამდვილ და ხანგრძლივ კავშირს უნდა ეფუძნებოდეს, — განაცხადა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა. მინისტრმა ეს განცხადება

მოქალაქეობა არ შეიძლება იყოს „ინვესტიციის სანაცვლოდ დაჩქარებული მომსახურება“ — სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი „ოქროს პასპორტების“ შესახებ

მოქალაქეობა არ შეიძლება იყოს „ინვესტიციის სანაცვლოდ დაჩქარებული მომსახურება“ და ის სახელმწიფოსთან ნამდვილ და ხანგრძლივ კავშირს უნდა ეფუძნებოდეს, — განაცხადა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა.

მინისტრმა ეს განცხადება ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ე.წ. „ოქროს პასპორტების“ სქემების ფარგლებში ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა პრევენციული ზომის სახით ჩამოყალიბდა და სრულად შეესაბამება სომხეთის მოქალაქეობის ინსტიტუტის რეფორმირების დღის წესრიგს. მისივე თქმით, ეს არ ეწინააღმდეგება მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას ისახავს მიზნად.

„ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების კონცეფცია პერიოდულად განიხილებოდა და ეს დისკუსიები ახალი არ არის. თუმცა, როგორც ამ სფეროზე პასუხისმგებელი პირის პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება მკაფიო და პრინციპულია: მოქალაქეობა არ შეიძლება იყოს ინვესტიციის სანაცვლოდ დაჩქარებული მომსახურება. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოსთან ნამდვილ და ხანგრძლივ კავშირს უნდა ეფუძნებოდეს“, — განაცხადა სარგსიანმა.

მინისტრის განცხადებით, სომხეთს „ოქროს პასპორტების“ სქემები არ შეუმუშავებია და ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკის მიმართულებები მსგავსი მოდელის დანერგვას არ ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ეს მიდგომა არანაირად არ ზღუდავს საინვესტიციო პოლიტიკას, რადგან ინვესტიციების ხელშეწყობა და მოქალაქეობის ინსტიტუტი განსხვავებულ პრინციპებს ეფუძნება და მათი ერთმანეთის შემცვლელ ინსტრუმენტებად განხილვა დაუშვებელია.

„ჩვენი პოლიტიკის მიდგომა ასეთია: ჩვენ ვქმნით სტაბილურ და ღია გარემოს ინვესტიციებისთვის, ამავდროულად კვინარჩუნებთ მოქალაქეობას, როგორც სახელმწიფოსთან სტაბილურ და ნამდვილ კავშირზე დაფუძნებულ ინსტიტუტს. ამჟამად ვამზადებთ ცვლილებების პაკეტს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელიც ასევე უფრო მკაცრ დებულებებს ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა ვაფასებთ მოქალაქეობის, როგორც ინსტიტუტის, მნიშვნელობას“, — განაცხადა სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.