უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მიიღო და მასთან თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ში დაწერა.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მივიღე. ბატონი მინისტრი უკრაინაში სრულმასშტაბიანი რუსული შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად იმყოფება. მან ვიზიტი ირპენში დაიწყო, სადაც მოინახულა სკოლა, საავადმყოფო და სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც აზერბაიჯანი დახმარებას უწევს.
ძალიან მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ამ რთულ დღეებში თქვენ ჩამოსვლისა და ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობა გამონახეთ. მადლობას გიხდით უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობისთვის“, — დაწერა მან.
ზელენსკის განცხადებით, მან ბაირამოვს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მიმდინარე დარტყმების, შავ ზღვაში არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნების ბლოკირების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ასევე ეკონომიკური ურთიერთქმედება ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სექტორისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
„მადლიერი ვარ აზერბაიჯანის უკრაინის მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე კონსტრუქციული დიალოგისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.