რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, გასცეს ბრძანება უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ კენჭისყრის დღეს, თუ კიევს „არჩევნების ჩატარება ნამდვილად სურს“. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხარე დარტყმების შეჩერების შესაძლებლობას მხოლოდ კენჭისყრის პერიოდში განიხილავს.
„პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე ნათქვამი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მისი სახელით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ თუ კიევში არჩევნების ჩატარება ნამდვილად სურთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მზად იქნება, გასცეს ბრძანება, რომ არჩევნების დღეს უკრაინაზე დარტყმები არ განხორციელდეს. სწორედ არჩევნების დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებაა“, — განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინული მხარის წინადადებაზე, არჩევნების ორგანიზების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი რეჟიმის დაწესების შესახებ.
კრემლის წარმომადგენლის მტკიცებით, კიევი საბრძოლო მოქმედებებში ხანგრძლივი პაუზით იმდენად არჩევნების ჩატარების გამო კი არა, სამხედრო პოტენციალის აღსადგენად არის დაინტერესებული.
„მათ 60-დღიანი ზავი არჩევნებისთვის კი არ სჭირდებათ, არამედ იმისთვის, რომ ძალები მოიკრიბონ, ჭრილობები მოიშუშონ და ომი გააგრძელონ“, — განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადების ფონზე გაკეთდა. ზელენსკის თქმით, არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ცეცხლი სრულად, სულ მცირე, 60 დღით შეწყდება.