ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლის საფუძველზეც უკრაინისთვის მშვიდობის ევროპული ფონდის ფარგლებში 6.6 მილიარდი ევროს (7.5 მილიარდი დოლარის) გამოყოფა მოხდება, — განაცხადა პარასკევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა.
„ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი ამბავია რუსეთისთვის“, — დაწერა კალასმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, გამოყოფილი თანხიდან 900 მილიონი ევრო (1 მილიარდი დოლარი) უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიას მოხმარდება, ხოლო 1 მილიარდი ევრო (1.2 მილიარდი დოლარი) სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვების ახალ პროგრამას დააფინანსებს.
კალასის განცხადებით, დარჩენილი 4.7 მილიარდი ევრო (5.5 მილიარდი დოლარი) ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აუნაზღაურდებათ. ამასთან, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მისთვის განკუთვნილ თანხას უკრაინას გადასცემს.
„მოსკოვი ცდილობს ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპა დააშინოს და აიძულოს, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა. ევროპა საპირისპიროს აკეთებს“, — განაცხადა მან.
მშვიდობის ევროპული ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მექანიზმია, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას უზრუნველყოფს.
ფონდი მანამდე გამოიყენებოდა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის მხარდასაჭერად.