ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მეოთხე კლიმატის კვირეული დასრულდა, რომელიც 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
როგორც Report იუწყება, ხუთი დღის განმავლობაში გაიმართა მრგვალი მაგიდები, პანელური დისკუსიები და კონფერენციები ენერგეტიკულ გარდაქმნაზე, კლიმატურ დაფინანსებაზე, მრეწველობის დეკარბონიზაციაზე, მდგრად განვითარებასა და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებაზე.
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს კლიმატური დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს COP29-ს, COP30-სა და COP31-ს შორის უწყვეტობასა და თანამშრომლობას, წინა კლიმატური კონფერენციების გადაწყვეტილებების შესრულების დაჩქარებას, რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებასა და განვითარებადი ქვეყნების კლიმატურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.
ასევე განიხილეს COP-ის წინ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებებიდან პრაქტიკულ შედეგებზე გადასვლა.