აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა

  • აგვისტო 10, 2026
  • 0

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი ქსელის წევრები გამოავლინა, რომლებიც ყალბ WhatsApp-ანგარიშებს ქმნიდნენ ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების სახელით და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და კომპანიების დასაქმებულებს უცხოურ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი ქსელის წევრები გამოავლინა, რომლებიც ყალბ WhatsApp-ანგარიშებს ქმნიდნენ ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების სახელით და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და კომპანიების დასაქმებულებს უცხოურ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვას სთხოვდნენ. ამის შესახებ Report აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების განცხადების თანახმად, კრიმინალური ჯგუფები აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ მოქმედებდნენ და მათ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ.

სამიზნეებს შორის იყვნენ სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა საწარმოსა და ორგანიზაციის თანამშრომლები. სქემის განსახორციელებლად დამნაშავეები აზერბაიჯანის მობილური ოპერატორების ნომრებს იყენებდნენ და სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში ყალბ ექაუნთებს ქმნიდნენ.

სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, ისინი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ოფიციალური ვებგვერდებიდან თანამშრომელთა საკონტაქტო მონაცემებს მასობრივად აგროვებდნენ. შემდეგ დამნაშავეები შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა ფოტოებით ყალბ WhatsApp-პროფილებს ქმნიდნენ.

თანამშრომლები ამ ანგარიშებიდან თითქოსდა „სასწრაფო“ შეტყობინებებს იღებდნენ. კონტაქტის დამყარების შემდეგ მათ სხვა ყალბ პროფილზე ამისამართებდნენ, რომლის მფლობელიც თავს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლად ასაღებდა.

ამის შემდეგ მიმღებებს უცხოურ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვას ან სხვა მოთხოვნების შესრულებას ავალებდნენ.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად კრიმინალური ქსელის ზოგიერთი წევრი გამოვლინდა. მათ წინააღმდეგ უკვე დაწყებულია საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურები.

ჯგუფის სრულად გამოვლენის მიზნით მუშაობა გრძელდება უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების უსაფრთხოების სამსახურებთან და შესაბამისი პლატფორმების ოპერატორებთან.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში მიღებულ საეჭვო შეტყობინებებს, მაშინაც კი, თუ ანგარიში ნაცნობს, ხელმძღვანელს ან სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს ეკუთვნის. ასეთი კონტაქტების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.