„აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ (AZAL) რუსეთის საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვების გამო ბაქო — მოსკოვი — ბაქოს მიმართულებით რამდენიმე რეისის შესრულება დროებით შეაჩერა.
როგორც Report-ი AZAL-ზე დაყრდნობით იუწყება, ცვლილებები შეეხო 9 ოქტომბერს დაგეგმილ რეისებს: J2-185/J2-186 ბაქო — მოსკოვი (დომოდედოვო) — ბაქო და J2-805/J2-806 ბაქო — მოსკოვი (ვნუკოვო) — ბაქო.
დილით ბაქოდან მოსკოვის მიმართულებით შესრულებულმა რეისმა J2-185-მა სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება განახორციელა. საჰაერო სივრცეში შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემდეგ თვითმფრინავმა ბაქოში დაბრუნება ვერ შეძლო.
დილის რეისი J2-805, რომელიც ბაქო — მოსკოვის მიმართულებით სრულდებოდა, იძულებული გახდა, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნებულიყო.
შეზღუდვებმა ასევე გავლენა მოახდინა თვითმფრინავების დანიშნულების აეროპორტებში დროულად ჩაფრენასა და შემდგომი რეისების შესრულებაზე. ამის გამო შესაბამისი მიმართულებებით საღამოს რეისები J2-186 და J2-806 გადაიდო.
ეროვნული ავიაგადამზიდველი ვითარებას ოპერატიულად აკვირდება და მგზავრებისთვის აუცილებელი დახმარების გასაწევად შესაბამის ზომებს იღებს. განრიგში ცვლილებების შესახებ მგზავრებს ოფიციალური არხების მეშვეობით აცნობებენ.
AZAL-ში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მგზავრებისა და ფრენების უსაფრთხოება კომპანიის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ყველა საოპერაციო გადაწყვეტილება არსებული ვითარებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით იქნება მიღებული.