სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. ფაშინიანის ოფისის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია:
„გულითადად გილოცავთ თქვენ და უკრაინის მეგობარ ხალხს უკრაინის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს.
სომხეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებასა და გაფართოებას, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობას.
მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს მონაწილეობას ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში, რომელმაც, მართლაც, ახალი სიცოცხლე შესძინა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრის დროს გამართული გულწრფელი დისკუსია და მიღწეული შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის გაძლიერებას, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებას, ასევე ორმხრივი პარტნიორობის მთელი პოტენციალის სრულად რეალიზებას ორივე ხალხის საკეთილდღეოდ.
სომხეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას და მზად არის, გააგრძელოს უკრაინის მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
გისურვებთ წარმატებებს, ხოლო უკრაინის მეგობარ ხალხს — მშვიდობასა და სიმტკიცეს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.