სომხეთს უკვე რამდენიმე წელია, გაყინული აქვს თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატმა სარგის ხანდანიანმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის განცხადებაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი შესაძლოა ორგანიზაციის 11 ნოემბრის სამიტზე განიხილონ.
„არ არსებობს არცერთი მიზეზი ან გარემოება, რომელმაც შეუძლია აიძულოს სომხეთი, გაააქტიუროს თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. იცით, რა პრობლემების გამოც გაყინა სომხეთმა თავისი მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში, და ეს პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა. ჩვენ არ გვიხილავს პოლიტიკური დონის არცერთი ისეთი განცხადებაც კი, რომელიც დაგმობდა 2022-2023 წლებში სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ მომხდარ ფაქტებს“, – განაცხადა ხანდანიანმა.
სომხეთს 2024 წლის თებერვლიდან გაყინული აქვს თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის წინაშე უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.