აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

აშშ-მა რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

  • აგვისტო 4, 2026
  • 0

შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის რიგ ორგანიზაციებს, მათ შორის რუსეთის სახმელეთო ჯარებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორ უწყებას, რომლებიც აშშ-ის შიდა კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებთან არიან დაკავშირებული ირანის,

აშშ-მა რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის რიგ ორგანიზაციებს, მათ შორის რუსეთის სახმელეთო ჯარებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორ უწყებას, რომლებიც აშშ-ის შიდა კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებთან არიან დაკავშირებული ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მიმართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.

„2026 წლის 24 ივლისს აშშ-ის მთავრობამ ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მიმართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზომები აამოქმედა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო, უწყების პერსპექტიული უწყებათაშორისი კვლევებისა და სპეციალური პროექტების სამმართველო, რუსეთის სახმელეთო ჯარები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის 1061-ე ცენტრი.

შეზღუდვები ასევე დაუწესდა კომპანიებს „Gideon Alfa“-სა და „International Invest Company LLC“-ს.

გარდა ამისა, სანქციების სიაში შეიყვანეს რუსეთის მოქალაქეები ანდრეი გუსევი, ანდრეი კოსოლაპოვი, ვლადისლავ მოროზიკი, ალექსანდრ პრიხოდკო და სერგეი ციბარევი.

მიღებული ზომების შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის არც ერთი დეპარტამენტი და სააგენტო ვერ შეძლებს ამ უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირებისგან საქონლის, ტექნოლოგიების ან მომსახურების შეძენას, ან მათთან შესყიდვებთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებას.

აშშ-ის უწყებებს ასევე ეკრძალებათ მათთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევა, სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა ან შესაბამისი ლიცენზიების გაცემა.

აღნიშნული შეზღუდვები ძალაში დარჩება მათი ამოქმედების დღიდან ორი წლის განმავლობაში. გამონაკლისების დაშვება შესაძლებელია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებით.