აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მაnშეიძინა ITOCHU-ს კორპორაციის კუთვნილი წილი „აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (AÇG) პროექტში. როგორც Report SOCAR-ის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, წილის შეძენასთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოეწერა.
ყიდვა-გაყიდვის გარიგება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების, SOCAR-ის შიდა ნორმატიული წესებისა და კონტრაქტით გათვალისწინებული არსებული მარეგულირებელი ვალდებულებების შესაბამისად. ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებამდე ITOCHU-ს AÇG-ის პროექტში 3,65%-იანი წილი ჰქონდა. შესაბამისად, პროექტში SOCAR-ის წილი 31,65%-დან 35,3%-მდე გაიზარდა.
SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა განაცხადა: „AÇG-ის პროექტს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ამასთან, მიმდინარე წელს AÇG-ის საბადოების ბლოკიდან თავისუფალი ბუნებრივი აირის პირველი მოპოვების დაწყება ახალ შესაძლებლობებს ქმნის პროექტის შემდგომი განვითარებისა და აზერბაიჯანის გაზის პოტენციალის გაზრდისთვის.
მადლობას ვუხდით ITOCHU-ს მრავალი წლის განმავლობაში პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და ეფექტიანი პარტნიორობისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტი მომავალშიც წარმატებით განხორციელდება პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის, მაღალი საოპერაციო სტანდარტებისა და ურთიერთნდობის საფუძველზე“.
ITOCHU-ს კორპორაციის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა და ენერგეტიკისა და ენერგეტიკული გადაწყვეტილებების განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა ტეცუია იამადამ განაცხადა:
„მას შემდეგ, რაც ITOCHU 1996 წელს აზერბაიჯანში ინვესტირების პირველი იაპონური კომპანია გახდა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მან AÇG-ის პროექტისა და ენერგეტიკის სფეროში სხვა ინვესტიციების მეშვეობით SOCAR-თან ძლიერი პარტნიორობა ჩამოაყალიბა.
AÇG უაღრესად წარმატებული პროექტია და ჩვენი გადაწყვეტილება, SOCAR-ს გადავცეთ ეს აქტივი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვფლობდით, ასახავს როგორც ITOCHU-ს სტრატეგიული პრიორიტეტების ცვლილებას, ისე ჩვენს ვალდებულებას, კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა SOCAR-თან. ამიტომ, ეს გაყიდვა არ ნიშნავს ITOCHU-ს აზერბაიჯანიდან გასვლას. პირიქით, ის ჩვენი პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისია.
აზერბაიჯანი ITOCHU-ს საინვესტიციო და სავაჭრო საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ბაზრად დარჩება. მოუთმენლად ველით SOCAR-თან თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და ახალი ბიზნესშესაძლებლობების ერთობლივად შეფასებას როგორც აზერბაიჯანში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“.