უკრაინამ უპასუხა ირანის განცხადებებს დიპლომატიურ გზებზე შესაძლო დარტყმების შესახებ და აღნიშნა, რომ აუცილებელია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.
ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
მინისტრის თქმით, მან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან „ღია და გულწრფელი“ სატელეფონო საუბარი გამართა. სუბიგამ ხაზი გაუსვა, რომ რთულ სიტუაციებშიც კი დიპლომატია პირდაპირი დიალოგის ინსტრუმენტად რჩება, ხოლო უკრაინის მთავარი მიზანია შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.
სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა მოქმედება მიმართულია მხოლოდ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვისკენ.
„კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ უკრაინის ყველა მოქმედება მიმართულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენ და არასოდეს ყოფილა მიმართული სამოქალაქო გემების ან ადამიანების წინააღმდეგ“, — განაცხადა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ცალკე კომენტარი გააკეთა ირანის განცხადებებზე, რომელიც ეხებოდა ბოლო ინციდენტის დროს ირანელი მოქალაქის დაღუპვასა და სამოქალაქო გემის დაზიანებას.
„ჩვენი მიზანია წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის აგრესიას, რომელიც ყველა ინციდენტის ძირითადი მიზეზია, და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველა პროვოკაციასა და მსხვერპლზე“, — აღნიშნა სიბიგამ.
საუბრისას მინისტრმა ასევე მოუწოდა ირანს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი მოქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს, და შეწყვიტოს რუსეთის ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ.
„ეს ომი უკანონოა და უნდა დასრულდეს. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი იმსახურებენ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას“, — შეაჯამა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს ირანმა უკრაინის წინააღმდეგ ბრალდებები გაავრცელა. თეირანში განაცხადეს, რომ თითქოს უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში სამოქალაქო გემს შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა.
იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კასპიის ზღვაზე განხორციელებულმა შორი მოქმედების დარტყმებმა „ძალიან კარგი შედეგები“ აჩვენა. მისი თქმით, სამიზნე იყო გემი, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა.