2016 წელს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ ტერაქტის რამდენიმე მცდელობა იგეგმებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი 1981 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათის მკვლელობის სცენარის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა იბრაჰიმ ბიუუქბაშმა განაცხადა, იუწყება გაზეთი Yeni Akit.
გენერლის თქმით, თავდასხმა სამხედრო წვრთნების დროს, 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე ცოტა ხნით ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა წვრთნების პროგრამა გაუქმდა მას შემდეგ, რაც თურქეთში აკრძალული ორგანიზაცია FETÖ-ს მხარდამჭერთა მხრიდან „საეჭვო აქტივობა“ გამოვლინდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეთქმულები თურქეთის ლიდერის ლიკვიდაციას კაიროში სამხედრო აღლუმის დროს ანვარ სადათის მკვლელობის ანალოგიური სცენარით გეგმავდნენ.
ბიუუქბაშმა ერდოღანის წინააღმდეგ დაგეგმილი სხვა სავარაუდო თავდასხმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლის გაზაფხულზე ბოროტმოქმედები ავიაკატასტროფის ინსცენირებას გეგმავდნენ. ამ მიზნით ოპერაციაში უცხოური თვითმფრინავი უნდა გამოეყენებინათ, ხოლო კატასტროფის შემდეგ პრეზიდენტისთვის უნდა დაებრალებინათ, თითქოს ის წინასწარ მომზადებული მილიონებით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.
კიდევ ერთი სავარაუდო გეგმა თურქეთის ქალაქ მარმარისის ერთ-ერთ სასტუმროს უკავშირდებოდა. გენერლის მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე სამი თვით ადრე პრეზიდენტის შეპყრობას, შემდეგ დალამანის აეროპორტში გადაყვანასა და უცხოური ავიაკომპანიის თვითმფრინავის ბორტზე მის მკვლელობას გეგმავდნენ. გამოძიების მასალებში ფიგურირებს შვეიცარიული კომპანია Albinati Aeronautics-ის თვითმფრინავი, რომელმაც ერდოღანის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე სასწრაფო გაფრენის ნებართვა მოითხოვა, ხოლო პრეზიდენტის გამგზავრების შემდეგ რეისი გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისის ღამეს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა. პუტჩის ჩახშობის შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური გამოძიებები და სასამართლო პროცესები ჩატარდა იმ პირების მიმართ, რომლებსაც შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად.