ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

ფაშინიანი: პუტინთან ჩამოგვიყალიბდა გაგება, რომ სომხეთის რკინიგზის საკონცესიო მართვის საკითხი როგორმე უნდა მოგვარდეს

  • სექტემბერი 3, 2026
  • 0

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეხვედრამ პოზიტიურ, საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა და მის ფარგლებში რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს. როგორც „არმენპრესი“

ფაშინიანი: პუტინთან ჩამოგვიყალიბდა გაგება, რომ სომხეთის რკინიგზის საკონცესიო მართვის საკითხი როგორმე უნდა მოგვარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბიშკეკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ შეხვედრამ პოზიტიურ, საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა და მის ფარგლებში რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეხვედრამ პოზიტიურ, საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში მოსკოვში ჩავალ და სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ. ასევე მივაღწიეთ გარკვეულ სამუშაო შეთანხმებებს. კერძოდ, გაჩნდა იდეა, ჩატარდეს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ცნების ინვენტარიზაცია, რათა წარმოვადგინოთ, რას ნიშნავს ის პრაქტიკაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მიმართულებები მოიაზრება ამ სათაურის ქვეშ, რომელ საკითხებზე გვაქვს ერთნაირი პოზიცია, რომელზე — განსხვავებული, სად გვაქვს ცალსახად დადებითი დამოკიდებულება და სად — არა“, —  განმარტა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ასევე შეეხნენ რუსეთის მიერ სომხეთის სარკინიგზო ქსელის საკონცესიო მართვის საკითხს.

„რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით ჩამოგვიყალიბდა გაგება, რომ ეს საკითხი როგორმე უნდა მოვაგვაროთ. ჩემთვის აშკარაა, რომ არსებული ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება და გადაწყვეტილებები უნდა ვიპოვოთ“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე რუსეთის მხარეს შესთავაზა, სომხეთის სარკინიგზო ქსელის მართვის კონცესია გადაეცა მესამე ქვეყნისთვის, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის, ვინაიდან, მისი თქმით, რუსეთის მიერ მართვა სომხეთს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს ართმევს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, ინტეგრირდეს საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში, თუმცა იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის ფედერაციის საკონცესიო მართვაშია გადაცემული, ქვეყანას შესაძლოა ეს შესაძლებლობა წაერთვას.

მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს არ შეუძლია, ასეთი შესაძლებლობის გარეშე დარჩეს და ეს საკითხი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს. მან ასევე დააზუსტა, რომ სომხეთს ამ საკითხის მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყვეტა სურს.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერების ბიშკეკში შეხვედრის შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის რკინიგზის მართვის კონცესიის გაყიდვის აუცილებლობას ვერ ხედავს.