სომხეთში ფიქრობენ, რომ მოქალაქეობის მიღების პროცესი უნდა გართულდეს. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არმენ ყაზარიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთის პასპორტის მიღება ძალიან მარტივია.
არმენ ყაზარიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ეთნიკური სომხებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, ამჟამად ეს პროცესი ზედმეტად გამარტივებულია.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 2025 წელს სომხეთის მოქალაქეობა 32 ათას სომეხს მიენიჭა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ყაზარიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მათი უმრავლესობა რუსეთიდან ჩამოსული ეთნიკური სომხები იყვნენ. მისი ვარაუდით, ამ ადამიანებმა სომხეთის მოქალაქეობა უკრაინის კონფლიქტისა და სხვა ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღეს. ამასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოქალაქეობის მიღებას გარკვეული ღირებულება უნდა ჰქონდეს და ის ტრანზაქციას არ უნდა ჰგავდეს.
„ჩვენი ქვეყნის პასპორტის მისაღებად ეთნიკური სომხებისთვის არანაირი მოთხოვნები არ არსებობს. ეს პრობლემაა და მასზე კონკრეტულად უნდა ვიმუშაოთ“ — განაცხადა ყაზარიანმა.
მისი აზრით, მოქალაქეობის მისაღებად უცხოელებმა ქვეყანაში სამი წელი უნდა იცხოვრონ და ჩააბარონ ტესტი ენისა და კანონმდებლობის ცოდნაში. ამჟამად კი თანამემამულეები გამარტივებულ პროცედურას გადიან და მათ მიმართ, ფაქტობრივად, არანაირი მოთხოვნები არ არსებობს.