არტაშატის ყოფილი მერი და სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი არგამ აბრაჰამიანი დააკავეს ბრალდების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მან 2023 წელს ერევანში ქრისტიანი სტორის მკვლელობა შეუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა. ხელისუფლებამ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩხრეკენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არგამ აბრაჰამიანის სახლს და აკავებენ მას.
არგამ აბრაჰამიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰოვიკ აბრაჰამიანის, ვაჟია, რომელიც თანამდებობას 2014-2016 წლებში იკავებდა. ის ასევე ბიზნესმენისა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის, სიძეა.
დაღუპული, ს.ვ. პასტორი და რელიგიური ორგანიზაცია „ევანგელისტური რწმენის ქრისტიანების“ წევრი იყო. იგი 2023 წლის 30 აპრილს ერევანში, მიასნიკიანის გამზირის №2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
გამომძიებლების განცხადებით, აბრაჰამიანს, სავარაუდოდ, ს.ვ.-ს მკვლელობა იმიტომ სურდა, რომ ეჭვობდა, თითქოს პასტორს მის მეუღლესთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა. გამომძიებლები ასევე ამტკიცებენ, რომ აბრაჰამიანი მიიჩნევდა, თითქოს მისი მეუღლე პასტორს დიდი ოდენობით თანხას აძლევდა.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემსრულებელი, აბრაჰამიანის დაცვის წევრი გ.ჰ. იყო.
გამომძიებლების მტკიცებით, აბრაჰამიანმა გ.ჰ.-ზე თავისი გავლენა გამოიყენა. გ.ჰ. მასზე ფინანსურად და პირადად იყო დამოკიდებული და აბრაჰამიანისადმი ლოიალური იყო. გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ გზით აბრაჰამიანმა იგი მკვლელობაზე დაითანხმა.
გამოძიების ცნობით, გ.ჰ.-მ აბრაჰამიანისგან დავალება მიიღო და 2023 წლის 30 აპრილს ს.ვ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გ.ჰ.-ს მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალი მანამდეც ჰქონდა წარდგენილი, ვიდრე აბრაჰამიანის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძვრებოდა. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე ოყო აღძრული. 2024 წლის აპრილში პროკურატურამ მისი საქმე საბრალდებო დასკვნასთან ერთად სასამართლოს გადასცა.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა აბრაჰამიანი 2026 წლის 8 აგვისტოს დააკავა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აბრაჰამიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს სხვა პირის დაქირავებით მკვლელობის ჩადენის წაქეზების სავარაუდო ფაქტზე.
ხელისუფლების განცხადებით, საქმე ეფუძნება გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს, ასევე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება და გამომძიებლები საქმის ყველა გარემოების დასადგენად დამატებით გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.