რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური 19 აგვისტოს, elegram-არხზე იტყობინება.
„19 აგვისტოს კიევის კონტროლირებადი ტერიტორიიდან 103 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. სანაცვლოდ, უკრაინას შეიარაღებული ძალების 103 სამხედრო ტყვე გადაეცა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობილია, რომ გათავისუფლებული რუსი სამხედროები ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. დაბრუნებულთა შორის 31 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ასევე მრავალშვილიანი მამები არიან.
აღინიშნა, რომ აუცილებელი ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ რუს სამხედროებს რუსეთში გადაიყვანენ, სადაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში შემდგომ მკურნალობასა და რეაბილიტაციას გაივლიან.
სამხედროებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსეთის რწმუნებული ტატიანა ლანტრატოვა შეხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის პროცესში შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა.
უკრაინულმა მხარემ გაცვლა დაადასტურა
რუსეთის ტერიტორიიდან სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა 19 აგვისტოს, საკუთარ Telegram-არხზე.
პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები.
„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უკრაინის გაცვლის ფონდს ავსებენ და თავიანთი სიმამაცის წყალობით უკრაინელების სახლში დაბრუნებას ეხმარებიან. მადლობას ვუხდი გუნდს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი ადამიანების გათავისუფლებაზე“, – დაწერა ზელენსკიმ.