ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო თავდასხმის უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა რუსეთის „მტრული საქმიანობა“ მოკავშირეების მიმართ შესაძლოა გაგრძელდეს, რის გამოც მთავრობები, საზოგადოებები და თავდაცვის ინდუსტრია შესაძლო საფრთხეებისთვის მზად უნდა იყვნენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მან კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რობ იეტენთან ერთად გამართა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს ევროპაში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ალიანსი სამხედრო თავდასხმის უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა რუსეთის მხრიდან „მტრული საქმიანობის“ გაგრძელებას ელოდება.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში. საჰაერო სივრცის დარღვევები, ცეცხლის წაკიდება, დივერსიები და, რა თქმა უნდა, რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმა ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე აგვისტოში“, – განაცხადა რუტემ.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ნატოზე სამხედრო თავდასხმის უშუალო საფრთხეს, თუმცა მზად უნდა ვიყოთ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული კამპანიის გაგრძელებისთვის“, – აღნიშნა მან.
რუტემ ასევე მოუწოდა მთავრობებს, საზოგადოებებსა და მრეწველობის წარმომადგენლებს სიფხიზლის შენარჩუნებისკენ.
„ჩვენ ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს ეხება მთავრობებს, ჩვენს საზოგადოებებსა და მრეწველობას“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებსა და თავდაცვის კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიუთითა და ხაზი გაუსვა თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლო საფრთხეებისადმი მდგრადობის გაზრდის მნიშვნელობას.
რუტეს განცხადებით, კრემლი ნატოს ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანას და უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა მდივანმა მოკავშირეებს მოუწოდა, გააგრძელონ კიევისთვის დახმარების გაწევა.
რუტემ ასევე აღნიშნა გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ თავდაცვაზე ხარჯების ზრდა და ამ ორი ქვეყნის წვლილი ალიანსის საქმიანობაში მის აღმოსავლეთ ფლანგზე.
მისი თქმით, ამ ქვეყნების საჰაერო და საზღვაო ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნატოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
პირველი გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის ამოცანებზე საუბრისას რუტემ განაცხადა, რომ ეს დანაყოფი ესტონეთისა და ლატვიის დაცვის შემთხვევაში ნატოს ძალების სარდლობაზეა პასუხისმგებელი.
მისი თქმით, კორპუსს შეუძლია დაახლოებით 50 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი მრავალეროვნული ძალების მართვა, რაც წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ იღებენ ევროპელი მოკავშირეები ნატოს ტერიტორიის თავდაცვაზე უფრო დიდ პასუხისმგებლობას.