ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

თურქეთის საზღვაო ძალები გირენის სანაპიროსთან ჩაძირული „Filo Jet“-ის 16 მგზავრის მოსაძებნად 24-საათიან ოპერაციას აწარმოებენ

  • სექტემბერი 4, 2026
  • 0

თურქეთის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები განაგრძობენ 24-საათიან ოპერაციას გირენის სანაპიროსთან, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში (TRNC) ჩაძირული სამგზავრო გემ „Filo Jet“-ის 16 დაკარგული მგზავრის მოსაძებნად და „შავი ყუთის“ ამოსაღებად. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში

თურქეთის საზღვაო ძალები გირენის სანაპიროსთან ჩაძირული „Filo Jet“-ის 16 მგზავრის მოსაძებნად 24-საათიან ოპერაციას აწარმოებენ

თურქეთის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები განაგრძობენ 24-საათიან ოპერაციას გირენის სანაპიროსთან, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში (TRNC) ჩაძირული სამგზავრო გემ „Filo Jet“-ის 16 დაკარგული მგზავრის მოსაძებნად და „შავი ყუთის“ ამოსაღებად.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობის კუთვნილი 9 ხომალდი და 11 საჰაერო საშუალება, მათ შორის სამაშველო და საბუქსირო გემი TCG Işın და წყალქვეშა-სამაშველო ხომალდი TCG Alemdar.

TCG Işın-ის რობოტულმა სისტემამ პირველ ეტაპზე ხომალდის ჩაძირვის რაიონი დაასკანერა და ჩაძირულ ობიექტთან შესაძლო მისასვლელი ადგილები დაადგინა.

წყალქვეშა ოპერაციაში სპეციალური მომზადების მქონე 15 პირველი კლასის მყვინთავი მონაწილეობდა.

სამუშაოების ფარგლებში ასევე ხორციელდებოდა სამძებრო ოეპრაცია დისტანციურად მართვადი წყალქვეშა აპარატის (ROV) გამოყენებით, რომელსაც შეუძლია ჩაძირული ობიექტების უსაფრთხოდ დაჭერა და ზედაპირზე ამოტანა. ROV-ს, რომელსაც 1000 მეტრამდე სიღრმეზე ჩასვლა, ფსკერიდან 135 კილოგრამამდე ტვირთის ამოტანა და თერმოგრაფიული კამერებით აღჭურვა შეუძლია, ასევე მას ვიდეომეთვალყურეობისა და გადაღების მიზნით იყენებდნენ.

დინამიკური პოზიციონირების სისტემა უზრუნველყოფდა ხომალდის საიმედო შენარჩუნებას განსაზღვრულ წერტილში რთულ საზღვაო პირობებშიც კი, რაც წყალქვეშა ოპერაციების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა.

2 სექტემბრიდან რაიონში იმყოფება წყალქვეშა-სამაშველო ხომალდი TCG Alemdar, რომლის ბორტიდან მართვადი რობოტების დახმარებით 554 მეტრის სიღრმეზე მდებარე ჩაძირული სამგზავრო გემიდან დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.

TCG Alemdar 4200 ტონა წყალწყვის მქონე წყალქვეშა ოპერაციების ხომალდია, რომელიც სამედიცინო ევაკუაციისთვის განკუთვნილი ვერტმფრენის პლატფორმით არის აღჭურვილი. ხომალდი სამუშაოებს დინამიკური პოზიციონირებისა და ჰიდროლოკაციური სისტემების გამოყენებით ახორციელებს.

„Filo Jet“ გირენის სანაპიროსთან 30 აგვისტოს ჩაიძირა

მაღალსიჩქარიანმა სამგზავრო გემმა „Filo Jet“-მა, რომელიც რეგულარულ რეისებს ასრულებდა TRNC-ის გირენის პორტსა და თურქეთის მერსინის პროვინციის თაშუჯუს პორტს შორის, 30 აგვისტოს, გირენის პორტიდან გასვლიდან მალევე, ჩაძირვა დაიწყო.

გემის ჩაძირვის შემდეგ TRNC-ის პრემიერ-მინისტრმა უნალ უსტელმა საზოგადოებას აცნობა, რომ 12 დაღუპულის ცხედრების აღმოჩენა მოხერხდა, ხოლო კიდევ 16 დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება.

გარდა ამისა, უსტელმა განაცხადა, რომ ჩაძირული გემის ფრაგმენტები გირენის სანაპიროსთან, 554 მეტრის სიღრმეზე მდებარე აკვატორიაში აღმოაჩინეს.