ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

COP17-ის ფარგლებში ერევნის ცენტრში ურბანული ბიომრავალფეროვნების ზონა იმოქმედებს

  • სექტემბერი 7, 2026
  • 0

გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ფარგლებში, რომელიც ერევანში 19-დან 30 ოქტომბრამდე გაიმართება, ქალაქში ურბანული ბიომრავალფეროვნების ზონა იმოქმედებს. იქ წარმოდგენილი იქნება ერევნის მერიის მიერ განხორციელებული

COP17-ის ფარგლებში ერევნის ცენტრში ურბანული ბიომრავალფეროვნების ზონა იმოქმედებს

გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ფარგლებში, რომელიც ერევანში 19-დან 30 ოქტომბრამდე გაიმართება, ქალაქში ურბანული ბიომრავალფეროვნების ზონა იმოქმედებს. იქ წარმოდგენილი იქნება ერევნის მერიის მიერ განხორციელებული არაერთი ეკოლოგიური პროგრამა და ინიციატივა, რომლებიც მიმართულია ბუნების დაცვაზე, მწვანე ინფრასტრუქტურისა და ბიომრავალფეროვნების განვითარებაზე, ასევე მდგრად ურბანულ განვითარებაზე.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ერევნის მერიის სამუშაო შეხვედრაზე მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა სირარპი აიკაზიანმა განაცხადა.

„ორ პავილიონში ორი მნიშვნელოვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი: ერთი პავილიონი ჰრაზდანის ხეობას, მეორე კი — დალმის ბაღებს დაეთმობა. ერევნის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამ ტერიტორიებზე გაწეულ სამუშაოებს, ჩატარებულ ბიომრავალფეროვნების კვლევებს, ასევე ჩვენს ხედვებს ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით სამომავლო გადაწყვეტილებების შესახებ.

ურბანული ბიომრავალფეროვნების ზონა ფართო საზოგადოებას ერევნის ეკოლოგიურ ინიციატივებსა და პროექტებს გააცნობს. ამ სივრცეში დაგეგმილია თემატური მასტერკლასები და ღია დისკუსიები, ეკოლოგიური და საფესტივალო ფილმების ჩვენებები, საკონცერტო და კულტურული პროგრამები, პროფესიული და საზოგადოებრივი დიალოგი ქალაქის ბუნებისა და მისი მომავლის შესახებ“, — დეტალურად განმარტა სირარპი აიკაზიანმა.

„ამ პლატფორმის მთავარი მიზანია, მოსახლეობას გააცნოს იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომლებიც ამ დღეებში ერევანში გაიმართება, მათი მიზნები და მნიშვნელოვანი როლი ერევნის ეკოლოგიურ პროგრამასა და ზოგადად ბუნების დაცვაში.

ეს იქნება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ბუნებაზე საუბარი, არამედ მისი დანახვა, საკითხების განხილვა და ერთად ისეთი ერევნის ჩამოყალიბება, სადაც ურბანული განვითარება და ბუნება ჰარმონიაში იქნება.

ღონისძიებების განრიგი და ჩატარების ადგილების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, — განაცხადა სირარპი აიკაზიანმა.

ერევნის მერმა ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ COP17-ის ფარგლებში ერევანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 15 000 სტუმარს ელოდება.

„ვფიქრობ, ქალაქი მზად უნდა იყოს ამ სტუმრების მისაღებად“, — აღნიშნა ავინიანმა.

გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენცია (COP17) ერევანში 2026 წლის 19-დან 30 ოქტომბრამდე გაიმართება.