აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კანადა, მექსიკა და გრენლანდია, ასევე სხვა მიმდებარე ტერიტორიები, „აშშ-ის ტერიტორიებად“ არის ნაჩვენები.
ტრამპმა შესაბამისი პუბლიკაცია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განათავსა.
გამოქვეყნებულ გამოსახულებაზე, აშშ-ის ამჟამინდელი საზღვრების გარდა, „აშშ-ის ტერიტორიებად“ აღნიშნულია კანადა, მექსიკა, გრენლანდია და კუბა, ასევე სხვა მიმდებარე ტერიტორიები.
პუბლიკაცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტრამპმა გააზიარა აშშ-ის შტატ ნიუ-მექსიკოს რუკა, რომელზეც შტატის სახელწოდებაში სიტყვა „Mexico“ გადახაზული იყო და მის ნაცვლად ეწერა „America“.
მექსიკაში ტრამპის პუბლიკაციას გამოეხმაურნენ
მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შინბაუმი ტრამპის პუბლიკაციას გამოეხმაურა სოციალურ ქსელ X-ში.
შინბაუმმა ხაზი გაუსვა, რომ მექსიკა არის „თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული“ ქვეყანა და განაცხადა, რომ ის „არც ახლა იმყოფება და არც მომავალში იქნება რომელიმე უცხო სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ“.