სომხეთში საფრანგეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ფლორიან ესკუდიემ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ელჩს დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ მისიაში წარმატებები უსურვა. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.
ელჩმა ფლორიან ესკუდიემ მადლობა გადაუხადა მიღებისა და კეთილი სურვილებისთვის და პრეზიდენტს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოკითხვა გადასცა.
შეხვედრისას განიხილეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, მისი ეფექტიანი განხორციელება და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა მოსაზრებების გაცვლა ორმხრივი დღის წესრიგისა და სხვა საკითხების შესახებ, რომლებიც მხარეთა ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.