აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა, მიიღო აშშ-ის დროებითი რწმუნებული სომხეთში დევიდ ალენი, რომელიც ბაქოში ვიზიტით იმყოფება.
როგორც Report საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის დროებითი რწმუნებული აზერბაიჯანში ემა კარლონი.
მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის, სამშვიდობო პროცესის წინსვლის, გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები.
ასევე განიხილეს ელნურ მამედოვის აშშ-ში ვიზიტის შედეგები, რომელიც ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის წლისთავს მიეძღვნა, და ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაცია.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების, ასევე იმ მმართველი კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც მარშრუტის გასწვრივ ინფრასტრუქტურის მშენებლობას უხელმძღვანელებს.