ერევანში 3-4 სექტემბერს სომხეთისა და თურქეთის ბიზნესსაზოგადოებების მონაწილეობით ორდღიანი ფორუმი გაიმართება. მას სომხეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის — „სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდაჭერა: ტრანსსასაზღვრო კავშირების გაძლიერება“ — ფარგლებში უწევს ორგანიზებას.
როგორც სომხეთის მრეწველებისა და მეწარმეების კავშირის პრესსამსახურმა Armenpress-ს აცნობა, ფორუმის მიზანია, ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს სომხეთისა და თურქეთის ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა განიხილონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოავლინონ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და ფორმატები, ასევე ხელი შეუწყონ ახალი საქმიანი კავშირებისა და პარტნიორობების ჩამოყალიბებას.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის, საქმიანი კავშირების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ დისკუსიები და შეხვედრები.
კერძოდ, წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები სომხეთ-თურქეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების შესაძლებლობებისა და არსებული დაბრკოლებების შესახებ. ასევე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე — სომხეთ-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
ორი ქვეყნის მეწარმეების ორმხრივი ფორმატის (B2B) შეხვედრების ფარგლებში კი დაგეგმილია კონტაქტების დამყარება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს შორის.
4 სექტემბერს კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ასევე გაიმართება Armenia Expo 2026, რომლის ფარგლებშიც სომხურ-თურქული ბიზნესფორუმიც გაგრძელდება.