აგვისტო 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხური პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შევა: მიწოდების ახალი არხი, გამოფენა-ბაზრობა და მედია პლატფორმა „ვარდან მამიკონიანი“

  • აგვისტო 19, 2026
  • 0

რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სომეხი მწარმოებლები აქტიურად ეძებენ გასაღების ახალ და მდგრად ბაზრებს. სომხური პროდუქციის ექსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ჩინეთი იქცა. ჩინურ-სომხური ურთიერთობების

სომხური პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შევა: მიწოდების ახალი არხი, გამოფენა-ბაზრობა და მედია პლატფორმა „ვარდან მამიკონიანი“

რუსეთის ბაზარზე სომხური პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სომეხი მწარმოებლები აქტიურად ეძებენ გასაღების ახალ და მდგრად ბაზრებს. სომხური პროდუქციის ექსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ჩინეთი იქცა.

ჩინურ-სომხური ურთიერთობების რეგიონული განვითარების ფონდმა, კომპანია „პრომექსპოსთან“ და მის ჩინეთში მოქმედ შვილობილ სტრუქტურასთან — სომხეთის სავაჭრო სახლთან — ერთად შექმნა სომხური წარმოების პროდუქციის ექსპორტისა და რეალიზაციისთვის საჭირო პირობები. ჩამოყალიბდა ლოგისტიკური და ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა, შემუშავდა ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდების, შენახვისა და პოპულარიზაციის მექანიზმები.

როგორც „არმენპრესს“ ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი ავანესოვმა განუცხადა, ამ ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სომხური პროდუქციის გამოფენა-ბაზრობის ორგანიზებას, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ჩენგდუში გაიმართება.

„ის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია პირდაპირ წარუდგინონ ჩინელ მყიდველებს, მეწარმეებსა და დისტრიბუტორებს, ასევე დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები“, — აღნიშნა ავანესოვმა.

პარალელურად, ფონდი ტელეკომპანია „ცაიგ“-სთან ერთად ფართომასშტაბიან მედია პლატფორმას „ვარდან მამიკონიანი“ ავითარებს. უკვე მომზადებულია ჩინურ ენაზე ისტორიულ-კულტურული ჟურნალი და ტელეკომპანია „ცაიგ“-ის მიერ შექმნილი სპეციალური ვიდეორგოლი.

სამომავლოდ იგეგმება ფართომასშტაბიანი მედია პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს დოკუმენტური ფილმების სერიას სომხეთსა და ჩინეთს შორის ისტორიული და თანამედროვე კავშირების, ასევე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

ფონდის, კომპანია „პრომექსპოსა“ და სომხეთის სავაჭრო სახლის მიერ შექმნილი ექსპორტის პრაქტიკული მექანიზმების გაერთიანება ტელეკომპანია „ცაიგ“-ის სისტემურ საინფორმაციო მხარდაჭერასთან ქმნის კომპლექსურ ინსტრუმენტს სომხური პროდუქციის პოპულარიზაციისა და სომხურ-ჩინური ურთიერთობების გაძლიერებისთვის.

„თანამედროვე გეოეკონომიკურ პირობებში ეს ინიციატივა სომეხ მწარმოებლებს რეალურ შესაძლებლობებს აძლევს, რომ შევიდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სამომხმარებლო ბაზარზე“, — აცხადებენ მხარეები.