ოქტომბერი 24, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთს არასოდეს დაუყენებია გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი — ფაშინიანი

  • სექტემბერი 16, 2026
  • 0

სომხეთს არასოდეს დაუყენებია გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის საათის ფარგლებში განაცხადა. „2018 წლიდან ვესაუბრები

სომხეთს არასოდეს დაუყენებია გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი — ფაშინიანი

სომხეთს არასოდეს დაუყენებია გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის საათის ფარგლებში განაცხადა.

„2018 წლიდან ვესაუბრები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და არც ერთხელ, არასდროს დამიყენებია სომხეთიდან რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი. საერთოდ, სომხეთის არც ერთ წარმომადგენელს არც ერთხელ არ დაუყენებია ასეთი საკითხი“, — განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ბიშკეკში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, თუ სომხეთი ვერ ხედავს რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნის აუცილებლობას, რუსეთი მზად არის, ის გაიყვანოს.

„როდესაც ბიშკეკიდან ერევანში ვბრუნდები, მეორე დღეს ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: თუ სომხეთს სურს, რომ სამხედრო ბაზა გავიყვანოთ, ჩვენ მას გავიყვანთ“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე მან პუტინის განცხადებას უპასუხა და დაადასტურა, რომ სომხურ მხარეს სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დაუყენებია.

„სომხეთს არასოდეს დაუყენებია 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს, რომ სამხედრო ბაზას გაიყვანს, სომხეთი წინააღმდეგი არ იქნება, რადგან სომხეთის რესპუბლიკაში სამხედრო ბაზის ყოფნას სომხეთის რესპუბლიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს. ხოლო თუ რუსეთის ფედერაციას სურს სამხედრო ბაზის შენარჩუნება, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხი განვიხილოთ. აი, სულ ეს არის“, — განაცხადა ფაშინიანმა.

2 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბიშკეკში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა არ სჭირდება, რუსეთი მზად არის, ის „თუნდაც ხვალ“ გაიყვანოს.

ამასთანავე, პუტინმა აღნიშნა, რომ თუ სომხურ მხარეს რუსეთის სამხედრო ყოფნის შენარჩუნება სურს, მოსკოვი მზად არის, თანამშრომლობა გააგრძელოს.

3 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ განცხადებას უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ ერევანს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დაუყენებია.