ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით მოყვარულთა ველომარათონი „სევანის გარშემო“ დაიწყო

  • აგვისტო 29, 2026
  • 0

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ეგიდით ორგანიზებული მოყვარულთა ველომარათონი „სევანის გარშემო“ დაიწყო. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ განცხადება სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. ორდღიან ველომარათონში მონაწილეობის

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით მოყვარულთა ველომარათონი „სევანის გარშემო“ დაიწყო

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ეგიდით ორგანიზებული მოყვარულთა ველომარათონი „სევანის გარშემო“ დაიწყო. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ განცხადება სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

ორდღიან ველომარათონში მონაწილეობის სურვილი 106-მა მოქალაქემ გამოთქვა, თუმცა მოსამზადებელი ვარჯიშების შემდეგ 86 ველოსიპედისტის მონაწილეობა დადასტურდა. ველომარათონი 29 აგვისტოს დილის 7:30 საათზე დაიწყო. მასში მონაწილეობს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც.

დილით მონაწილეებს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი და გეღარქუნიქის ოლქის გუბერნატორი კარენ სარგსიანი შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.

მონაწილეები საკუთარი მექანიკური ველოსიპედებით სევანის ტბის გარშემო მარშრუტზე გადაადგილდებიან.

პირველი დღის მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 136 კილომეტრია. ის ოთხ მონაკვეთად იყოფა: სტარტიდან პირველ გაჩერებამდე — 35 კმ, პირველი გაჩერებიდან მეორემდე — 33 კმ, მეორედან მესამემდე — 35,4 კმ, ხოლო მესამე გაჩერებიდან ღამის გასათევ ადგილამდე — კიდევ 33 კმ.

საღამოს ასევე დაგეგმილია მონაწილეების შეხვედრა კოცონის გარშემო. ველოტური 30 აგვისტოს გაგრძელდება.

მეორე დღის მარშრუტი სამი მონაკვეთისგან შედგება: 24 კმ, 26,1 კმ და 28,7 კმ. შესაბამისად, მეორე დღეს მონაწილეები დაახლოებით 79 კილომეტრს გაივლიან და ფინიშის ხაზს სევანის ნახევარკუნძულზე მიაღწევენ.

ორი დღის განმავლობაში ველომარათონის მონაწილეები, თავდაპირველი მარშრუტის მიხედვით, სევანის გარშემო დაახლოებით 215 კილომეტრს გაივლიან.

აქციის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი. ღონისძიებას საპრიზო ფონდი არ აქვს.

ორდღიანი ინიციატივა მიზნად ისახავს სომხეთში ველოსპორტის ტრადიციების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობას, ველოკულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო მრავალდღიანი ველოტურნირის Tour of Armenia-ს წინ, რომელიც 10-13 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ფაშინიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა, რომ მონაწილეებმა უკვე 69 კილომეტრი გაიარეს. მისი თქმით, მარშრუტის პირველი მონაკვეთის სიგრძე 35,8 კილომეტრი იყო და მონაწილეებმა ის 1 საათსა და 20 წუთში დაფარეს. მარშრუტის მეორე მონაკვეთი 33 კილომეტრს შეადგენდა და მონაწილეებმა ისიც 1 საათსა და 20 წუთში გაიარეს.