ოქტომბერი 23, 2026
სიახლეები უცხოეთი

სერბეთმა და აზერბაიჯანმა ნიშში გაზის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ აქციონერთა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

  • სექტემბერი 30, 2026
  • 0

სერბეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ EPS-მა („სერბეთის ელექტროენერგეტიკული მრეწველობა“), გაზის კომპანია Srbijagas-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს აქციონერთა შეთანხმებას, რომელიც ქალაქ ნიშში კომბინირებული ციკლის ორთქლ-გაზის ელექტროსადგურის მშენებლობას

სერბეთმა და აზერბაიჯანმა ნიშში გაზის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ აქციონერთა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სერბეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ EPS-მა („სერბეთის ელექტროენერგეტიკული მრეწველობა“), გაზის კომპანია Srbijagas-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს აქციონერთა შეთანხმებას, რომელიც ქალაქ ნიშში კომბინირებული ციკლის ორთქლ-გაზის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც Report სერბეთის სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეთანხმებები ასევე ითვალისწინებს ერთობლივი საწარმოს დაფუძნებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს EPS-ისა და Srbijagas-ის ხელმძღვანელებმა დუშან ჟივკოვიჩმა და დუშან ბაიატოვიჩმა, ასევე SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განვითარების საკითხებსა და პორტფელის მიმართულებით, SOCAR Turkey-ის გენერალურმა დირექტორმა ელჩინ იბადოვმა.

შეთანხმების პირობების თანახმად, ერთობლივ საწარმოში სერბული მხარის წილი 50%-ს შეადგენს, დანარჩენი 50% კი აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის. დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, ერთობლივი მართვის პრინციპებს, მომზადების ეტაპზე საკვანძო გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების წესს, ასევე საპროექტო სამუშაოების დაფინანსების პირობებს.

ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას სერბეთის სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ-ხანდანოვიჩმა აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება მოწინავე ეტაპზეა. მისი შეფასებით, ერთობლივი საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინიციატივის ეფექტიან განხორციელებას, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და სერბეთის სამხრეთ რეგიონებში კაპიტალდაბანდებების მოზიდვისთვის.

„ასეთი მასშტაბური და რთული ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორობები, რომელთა საფუძველიც სერბეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა და ილჰამ ალიევმა, ჩაუყარეს. ამ თანამშრომლობის წყალობით, დღეს გვაქვს სამი უმნიშვნელოვანესი სისტემის მკაფიო ურთიერთკავშირი — საერთაშორისო ენერგეტიკული პარტნიორობის, გაზის მიწოდებისა და ელექტროენერგიის წარმოების. ეს კარგი საფუძველია იმ პროექტის განვითარებისთვის, რომელსაც სერბეთისთვის გრძელვადიანი მნიშვნელობა აქვს, უპირველეს ყოვლისა, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებისა და ენერგიის უფრო სუფთა წყაროებზე გადასვლის აუცილებლობის გამო. გაზი, ქვანახშირსა და მაზუთთან შედარებით, სწორედ ასეთ ენერგორესურსს წარმოადგენს და ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესში გარდამავალ ენერგომატარებლად გვევლინება“, — განაცხადა მინისტრმა.

აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში მთავარი პრიორიტეტი იქნება ყველა საჭირო ტექნიკური, ეკონომიკური და საპროექტო კვლევის დასრულება, ვინაიდან გაზის ელექტროსადგურის მშენებლობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.

„სერბეთის ელექტროენერგეტიკული მრეწველობის“ გენერალურმა დირექტორმა დუშან ჟივკოვიჩმა გაიხსენა, რომ ამ დროისთვის უკვე დასრულებულია წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (TEО) მომზადება, დამტკიცებულია ქალაქ ნიშის სივრცითი გეგმა, გაფორმებულია კონტრაქტები საპროექტო დოკუმენტაციისა და გადამცემი ქსელთან მიერთების კვლევის მომზადებაზე, ჩართულია საპროექტო ორგანიზაცია, ასევე დაწყებულია სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.

„უკვე რამდენიმე თვეა, პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ მკაფიო მიზნით — ავაშენოთ 500 მგვტ სიმძლავრის მაღალეფექტური ორთქლ-გაზის ელექტროსადგური“, — განაცხადა დ. ჟივკოვიჩმა.

დ. ბაიატოვიჩმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სერბეთისთვის ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს შორის აზერბაიჯანი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, რის გამოც ელექტროენერგიის წარმოების სფეროში პარტნიორობა ორმხრივი ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელებაა.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელებაში წინ მივიწევთ. პრაქტიკულად, უკვე ბევრი რამ გაკეთდა, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ  გაზის ახალ ელექტროსადგურს ავაშენებთ. ის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია EPS-ისთვის ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების მიზნით, რასაც მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, — აღნიშნა დ. ბაიატოვიჩმა.

ე. იბადოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა სახელმწიფოთაშორისი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

„ეს შეთანხმება SOCAR-სა და EPS-ს საშუალებას აძლევს, ერთობლივად განავითარონ კომბინირებული ციკლის ორთქლ-გაზის ელექტროსადგური ნიშში. ჩვენ ერთად მოვამზადებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას საინჟინრო სფეროს ექსპერტთა გუნდის ჩართულობით. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი მიზანია ერთობლივი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. გვესმის, რომ ბევრი შრომა მოგვიწევს და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ“, — განაცხადა ე. იბადოვმა.

შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე გაიმართა პროექტის მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც განიხილეს ნიშში გაზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდგომი წინსვლისა და პრაქტიკული განხორციელების საკითხები. სხდომაში მონაწილეობდნენ სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ტექნიკური მანდატით, სამი კომპანიის ხელმძღვანელები თავიანთ გუნდებთან ერთად, ასევე ქალაქ ნიშის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.