საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი თავდაცვის შესახებ, რომლის მიხედვით რომელიმე ერთ ქვეყანაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა შეთანხმების ყველა ხელმომწერ ქვეყანაზე თავდასხმად ჩაითვლება. ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, იუწყება Report.
შეთანხმებას ხელი 7 აგვისტოს, მექაში, ალ-საფას სასახლეში გამართულ ერთობლივ თავდაცვის სამიტზე მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საუდის არაბეთის მეფის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა.
სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება ეფუძნება სამ სახელმწიფოს შორის არსებულ ხანგრძლივ ისტორიულ კავშირებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.
„შეთანხმება ასახავს სამი სახელმწიფოს საერთო ვალდებულებას, კიდევ უფრო გააძლიერონ კოლექტიური უსაფრთხოება და ხელი შეუწყონ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, უსაფრთხო და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს აგრესიის ნებისმიერი აქტის წინააღმდეგ კოლექტიური შეკავების გაძლიერებას. მასში წერია, რომ სამიდან რომელიმე სახელმწიფოზე განხორციელებული ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველა მიმართულების გაძლიერებას.